შემოგვიერთდით

გასაუქმებელ 4 სამინისტროში 2888 თანამშრომელია დასაქმებული – ოპტიმიზაცია გარდაუვალია?

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. 

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.
უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება;
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

აქტუალურია კითხვა საჯარო სექტორში ამ ცვლილებების შედეგად, ბიუროკრატიის შემცირება ხომ არ გულისხმობს ადამიანების მასობრივ დათხოვნას სამსახურებიდან?

„მასობრივი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორი სამინისტროს უფლებამოსილებები ერთიანდება, იქ თუკი ჩვენ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად და მართლაც ეს არის მიზანი, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის მხრივ, ისე ფინანსური ხარჯების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამ ხარჯების შემცირება და მიზანი ყველა მინისტრის იქნება ინდივიდუალური, იმის მიხედვით, თუ რომელ პორტფელს ჩაიბარებს. მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ და არ უნდა მივიღოთ, ეს არ ყოფილა პრემიერის მიზანი ამ ცვლილებებისას, რომ როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, იქ ბიუჯეტი დარჩეს იგივე, ხარჯვით ნაწილს ვგულისხმობ, და ხარჯვითი ნაწილი მიემართებოდეს ძირითადად ისეთი ხარჯებისკენ, როგორიც არის ხელფასი და სხვა. რა თქმა უნდა, ეს შემცირდება და ამას ჰქვია ოპტიმიზაცია. თუ რა ციფრებში აისახება, ეს ყველა სამინისტროს შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *