შემოგვიერთდით

„გუგლის“ HR მენეჯერი ლაზლო ბოკი: 200 000-მდე CV და კანდიდატების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი

CV-ის შედგენა ერთი შეხედვით ძალიან მარტივი პროცედურაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფაქტობრივი მონაცემების სწორად ჩამოწერას მოითხოვს და არც ტექსტური თუ მოცულობითი შეზღუდვები არ გააჩნია. მეორე მხრივ, სწორად შედგენილი CV-ის წყალობით შეგიძლიათ დასაქმების მომენტში კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოთ, ხოლო მცირედი შეცდომა კი პირიქით – ძვირად დაგიჯდეთ. რატომ არის ეს ერთი შეხედვით უბრალოდ დოკუმენტი ასეთი მნიშვნელოვანი და როგორ შევადგინოთ იგი სწორად, ამაზე „გუგლის“ მთავარი HR დირექტორის, ლაზლო ბოკის მოსაზრებებს გთავაზობთ.

„გუგლის“ აღმასრულებელი HR-ის თქმით, კარიერის განმავლობაში მას დაახლოებით 200 000-მდე სივის გადახედვა და შეფასება მოუწია, ამიტომ თუ ვინმეს უნდა ვკითხოთ რჩევა თუ როგორი უნდა იყოს კარგი CV, ლასლო ბოკი ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. „გუგლის“  People’s Operations-ის ხელმძღვანელმა რამდენიმე ხნის წინ „ლინქდინზე“ გააზიარა იმ ფართოდ გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალი, რომელსაც სამუშაოს მაძიებლები რეზიუმეს შედგენის დროს უშვებენ.

  1. ექსპერტის დაკვირვებით, ყველაზე ხშირად ადამიანები ორთოგრაფიულ ან პუნქტუაციურ შეცდომებს უშვებენ. მაგალითად, 2013 წელს ჩატარებული CareerBuilder-ის გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ რეზიუმეების 58%-ზე მეტი მინიმუმ რამდენიმე ორთოგრაფიულ შეცდომას შეიცავს. „ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები ყველაზე ხშირად იმ ადამიანებს მოსდით, რომლებიც საკუთარ რეზიუმეს ძალიან დაკვირვებით წერენ და არედაქტირებენ. შესწორების მომენტში, შეიძლება არაზუსტი კავშირები, გამოტოვებული ადგილები ან მსგავსი შეცდომები გამოგეპაროთ. სამწუხაროდ, დამქირავებლები შეცდომების შემცველი რეზიუმეს წაკითხვისას ნამდვილად არ იფიქრებენ, რომ ბევრი შესწორების შედეგად გარკვეულ ადგილებში ტექნიკური შეცდომები გამოგრჩათ, მათი პირველი რეაქცია ის იქნება, რომ თქვენ დეტალებზე საკმარისად ორიენტირებული არ ხართ, რამაც შესაძლოა, სამსახურის შოვნის შანსი დაგაკარგინოთ“ – აცხადებს ბოკი.
  2. გარდა ამისა, რეზიუმეს მოცულობა ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომელსაც HR მენეჯრები იშვიათად პატიობენ. როგოც ექსპერტი ამბობს, თქვენი კარგ რეზიუმეში გამოცდილების ყოველ 10 წელიწადს მხოლოდ და მხოლოდ 1 გვერდი უნდა ეთმობოდეს. ამიტომ, თუ თქვენ 30 წელზე ახალგაზრდა ხართ, კომპაქტური რეზიუმე ბევრად უფრო მომგებიანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე რამდენიმე გვერდიანი ტრაქტატი.
  3. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მოუწესრიგებელი, არეული ფონტებითა და საზღვრებით შედგენილი CV. ასეთ შემთხვევაში გამართლება უბრალოდ არ არსებობს. კანდიდატს, რომელსაც საკუთარი რეზიუმეს მოწესრიგება ეზარება, აუცილებლად მოხვდება უარყოფილთა სიაში.
  4. ხშირია ისეთი რეზიუმეებიც, სადაც კანდიდატები დოკუმენტში ყოფილი კომპანიების კონფიდენციალურ ინფორმაციას ასაჯაროებენ. ამგვარ დაუფიქრებელ შეცდომებს არცერთი HR არ გაპატიებთ.
  5. და ბოლოს, ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომა, უფრო სწორად კი წინასწარ განზრახული ნაბიჯი, მცდარი ინფორმაციით გაბერილი რეზიუმეა. სამყაროში, სადაც ინტერნეტით თითქმის ყველანაირი ინფორმაციის გადამოწმებაა შესაძლებელი, HR-ის მოტყუება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *