შემოგვიერთდით

„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონპროექტი მზადაა

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩაბმა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
თვითდასაქმებულები ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები.

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაგროვდება შემოსავლის მინიმუმ 6%:

  • 2% სახელმწიფოსგან
  • 2% დამსაქმებლისგან
  • 2% დასაქმებულისგან

თვითდასაქმების შემთხვევაში:

  • 2% სახელმწიფოსგან
  • 4% თვითდასაქმებულისგან

მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო ანგარიშზე გადახდილი თანხა, ინვესტირების შედეგად მიღებული სარგებელი და საპენსიო ასაკში გასვლის შემდგომ მიღებული პენსია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან.

საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა.

პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD)) აქტიური მონაწილეობით.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება დაგეგმილია 2018 წლის სექტემბრიდან.

აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი არ გულისხმობს არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას.

ვრცლად: http://www.economy.ge/?page=news&nw=353

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *