შემოგვიერთდით

დამსაქმებლებს ემიგრანტების დასაქმებისთვის სახელმწიფო ჯილდო გადაეცემათ ?!


ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა და საქართველო-უკრაინის დიასპორის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი ინიციატივით მიმართეს.  ინიციატორების აზრით, ყველა ვინც სხვადასხვა საშუალებით შეძლებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო დამსაქმებლები, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობენ ხელს, სახელმწიფომ ღირსების მედლით უნდა დააჯილდოვოს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს,
ბატონ გიორგი მარგველაშვილს,

ბატონო პრეზიდენტო,
იმ პირობებში, როცა საქართველოდან ემიგრაციაში გვყავს 1 700 000 -ზე მეტი თანამემამულე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მათი ეტაპობრივად უკან დაბრუნება-რეინტეგრაციისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახებიდან საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მიმართ აქამდე არსებული პოლიტიკა ნაკლებად სამართლიანია, შრომითი მიგრანტები იმყოფებიან სახელმწიფოს მხარდაჭერის და ხშირ შემთხვევაში მფარველობის მიღმა, პრაქტიკულად ბედის ამარა.
ბატონო პრეზიდენტო, გარდა თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მორალური და სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფოს მხრიდან შრომითი მიგრანტების დაბრუნება-რეინტეგრაციის მიმართულებით ვალდებულებები ნაკისრი გვაქვს ევროკავშირთან გაფორმებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც.
ვფიქრობთ, ვინც სამშობლოში და ოჯახში დააბრუნა ან დააბრუნებს ემიგრანტებს, ის არის ჩვენი დროის გმირი და მსგავსი მაღალი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ნებისმიერი პირის (დამსაქმებელი, დონორი, ქველმოქმედი და სხვა) მიმართ სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს პატივისცემა და განახორციელოს წამახალისებელი ღონისძიებები.
ემიგრაციის და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფი და საქართველო-უკრაინის დიასპორული ორგანიზაცია მოგმართავთ ინიციატივით, თქვენთვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ის პირი, ვინც სხვადასხვა საშუალებით შეძლო ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, მისი დასაქმება და რეინტეგრაცია, დაჯილდოვებულ იქნას ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით და საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მისი ღირსეული სამსახურისთვის დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.

პატივისცემით,

ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციტივო ჯგუფის ხელმძღვანელი – ირაკლი ღლონტი
საქართველო-უკრაინის დიასპორის პრეზიდენტი – ნიკოლოზ გუგეშაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *