შემოგვიერთდით

დასაქმებულთა 47% საკუთარ მენეჯერს არ ენდობა – ახალი კვლევის შედეგები

ალბათ, ყველა შევთანხმდებით, რომ ნდობაზე აგებული ბიზნესი და ორგანიზაციული სტრუქტურა, ნებისმიერ სხვა ფაქტორთან შედარებით, ბევრად უფრო მყარი და ეფექტიანია. ნდობა ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ იერარქიებში თანაბრად მნიშვნელოვანია და დეპარტამენტთა შორის ინფორმაციის იდეალურ გამტარს წარმოადგენს. მეორე მხრივ, რამდენადაც მომგებიანია კომპანიის კულტურის ნდობაზე დაშენება და სათანდო დონეზე შენარჩუნება, იმდენადვე რთულია მისი მოპოვება და თანამშრომელთა შორის გავრცელება. სამწუხაროდ, როგორც ბრიტანული კვლევის შედეგად გაირკვა, დაქირავებულთა უმრავლესობა საკუთარ უშუალო მენეჯერს უბრალოდ არ ენდობა.

O.C. Tanner Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მეოთხედი საკუთარ მენეჯერს ნდობის არარსებობის გამო პირად პრობლემებზე ვერ ესაუბრება. კვლევა მოიცავდა 9622 დასაქმებულს 12 ქვეყნიდან და 2 განსხვავებული ფოკუს ჯგუფის 6 წყვილს, რაც გამოკითხვის რეალურ მასშტაბებზე მეტყველებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 27%-მა პროცენტმა უშუალო მენეჯერთან ნდობის არარსებობაზე ისაუბრა, ხოლო 47% არც უფროს  მენეჯერს უცხადებს ნდობას.

შედეგად, დაქირავებულებს არ გააჩნიათ არავითარი მოტივი საკუთარი პირადი თუ კარიერული პრობლემები მენეჯერებს გაუზიარონ და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაშიც კი დიდწილად ყოყმანობენ. მეორე მხრივ, გამოკითხულთა 45% აღნიშნავს, რომ საკუთარ მენეჯერს სრულად ენდობა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში პერსონალურად მიმართავს.

საინტერესოა, რამ გამოიწვია ნდობის ასეთი დონით გაუჩინარება? გამოკითხულთა 28% მთავარ მიზეზად ძალიან მტკივნეულ საკითხს ასახელებს, მათი თქმით, მენეჯერები ხშირ შემთხვევაში ისაკუთრებენ დაქირავებულების მიერ გაწეული შრომის შედეგად დამსახურებულ მატერიალურ თუ ვერბალურ ჯილდოს ან/და მათ იდეებს თავიანთად ასაღებენ! ამას გარდა, დასაქმებულთა 34% უნდობლობის მიზეზად მენეჯერის მხრიდან გვერდში დადგომისა და მხარდაჭერის შანსის არარსებობას უსვამს ხაზს, ამ ადამიანებს არ სჯერათ, რომ ოფისში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მენეჯერი მათ სიმართლეს, ან უბრალოდ მოსაზრებას, დაიცავს.

O.C. Tanner Institute-ის დირექტორის, რობერტ ორდევერის აზრით, კვლევის შედეგები საგანგაშო სიგნალს ატარებს. ნდობის არარსებობა გამოკითხულთა თითქმის 45%-ში კატასტროფული შედეგების მომტანია როგორც კომპანიის კულტურისათვის, ასევე ბიზნეს საქმიანობისთვისაც.

„ამიტომ გვჭირდება ძლიერი ლიდერები. ნამდვილ ლიდერებს შეუძლიათ მძლავრი შიდა კულტურის შექმნა, ნდობისა და ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკის შემუშავება. უნდობლობის ამხელა პროცენტი ნამდვილად გამაოგნებელი შედეგია“. – აცხადებს ორდევერი.

„თუ მენეჯერები ვერ ახერხებენ თავიანთი თანამშრომლების მხარდაჭერას, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რა ღირებულებას ქმნიან ისინი უშუალოდ კომპანიისთვის. ნუ დააწინაურებთ ან შეაქებთ მსგავს მენეჯერებს, თუნდაც მათ მილიონები მოჰქონდეთ, ეს კორპორატიულ კულტურად გაგინადგურებთ“ – დასძინა დირექტორმა.

როდესაც საქმე ასე რთულადაა, საჭირო ხდება უშუალოდ დამსაქმებლების ჩარევა. მენეჯერსა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს. HR ბიზნეს პარტნიორების  ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ მენეჯერთათვის ნდობის მოპოვებისა და კარგი ლიდერობის სწავლებაა, რათა მომავალში ამგვარი პრობლემები თავიდან ავირიდოთ.

რატი წიკლური

წყარო: hrmagazine.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *