შემოგვიერთდით

ევექსის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი – “ოფისი თამბაქოს გარეშე”

“სამედიცინო კორპორაცია ევექსმა”, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი – “ოფისი თამბაქოს” გარეშე დაიწყო .

HRhub.ge – პროექტის დეტალებზე, ევექსის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორს ნინო ჩიჩუას ესაუბრა. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს.

H: რას გულისხმობს პრო­ექტი „ოფისი თამბაქოს გარეშ­ე“?

ჩვენმა კომპანიამ შეიმუშავა ახალი სტრატეგია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რომელიც ევექსის თანამშრომლების ჯანსაღი ცხოვრების წესზე იზრუნებს. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომლის გასაძლიერებლად ქსელის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობები და პროექტები განხორციელდება წლის მანძილზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ რიგში თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვაა.

ჩვენ გავეცანით კვლევებს, ასევე გამოკითხვა ჩავატარეთ სათავო ოფისში თამბაქოს მოხმარების შესახებ, ვფიქრობთ, დროულია თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე, ჯანსაღ გარემოზე ოფისში, სადაც შეიზღუდება, როგორც თამბაქოს, ისე ელექტრო სიგარეტის მოწევა, გარდა სპეციალურად გამოყოფილი სივრცისა.

შესაბამისად ვიწყებთ ახალ, საპილოტე პროექტს, „ოფისი თამბაქოს გარეშე“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მეთოდისტებისა და კონსულტანტების დახმარებით შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც თამბაქოს მოწევის თავის დანებების მსურველ თანამშრომლებს ნიკოტინ-დამოკიდებულების  დაძლევაში დაეხმარება. ეს პროგრამა მთლიანად „ევექსის“ მიერ იქნება დაფინანსებული და პირველ  ეტაპზე მასში ჩართვა ევექსის სათავო ოფისის თანამშრომლებს ნებაყოფლობით შეეძლებათ.

H: საიდან გაჩნდა ამ პ­როექტის იდეა ?

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ საქართველოში ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ერთ-ერთი მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ასობით პაციენტს უწევს სამედიცინო დახმარებას.

უკანასკნელი კვლევების თანახმად, საქართველო ევროპაში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვით მეორე ადგილზეა, რის გამოც, ქვეყნის მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და კიბოს შემთხვევები.

სწორედ ამ პრობლემების ფონზე გადავწყვიტეთ დაგვენერგა ეს საპილოტე პროექტი თავდაპირველად კორპორაციის შიგნით, ჯანსაღი ცხოვრების წესი პირველ რიგში თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვაა.

H: რა აქტივობები განხორციელდება კამპანიის ფარგლებში?

პროექტი „ოფისი თამბაქოს გარეშე“ უკვე დაწყებულია და წლის ბოლოს სრულდება. მთელი პროექტის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალისტებისგან, ასევე ეყოლებათ სპეციალურად ამ პროექტისათვის კვალიფიცირებული პირადი ექიმი, რომელიც დაუნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას და მთელი პროექტის განმავლობაში ყველა მონაწილეს ექნება ფსიქოლოგიური და სატელეფონო კონსულტაციები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წამახალისებელი და გამაჯანსაღებელი სამოტივაციო პრიზები.

H: რა მოლოდინები გაქვ­თ ?

ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, პროექტი თავიდან ბოლომდე ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. აბსოლუტურად არაკომერციულია და დაფინანსებასაც კომპანია სრულად ახორციელებს. მნიშვნელოვანია რომ პროექტის ბოლოს ნამდვილად შევძლოთ და დავეხმაროთ, მავნე ჩვევა დაძლიოს რაც შეიძლება მეტმა თანამშრომელმა.

H: გქონიათ თუ არა სხვ­ა პროექტი სოციალური პასუხისმგე­ბლობის მიმართულებით ?

ჩვენი კომპანია საკმაოდ აქტიურია CSR- ის მიმართულებით.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელა ქვეყანაში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა, სადაც პალიატიური მზრუნველობა უტარდებათ მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ჰოსპისის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის დეკემბერში და პირველი პაციენტების მიღება დაიწყო უკვე 2017 წლის იანვრიდან.

ასევე, „ მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში „მშობელთა სკოლა“ ფუნქციონირებს. სოციალური პროექტი მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული.

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით საქართველოს ბანკის ჯგუფმა დახმარების ფონდში გადარიცხა 1,000,000 ლარი. სტიქიური უბედურების ზონაში კომპანიამ განათავსა კარავი, სადაც ევექსის ექიმები პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდნენ მოხალისეებს. 17 ივნისიდან 4 დღის განმავლობაში ევექსის ექიმების და მედდების მომსახურებით ისარგებლა 1,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა.

Evex For Life – ევექსი 2016 წელს  მსოფლიო რბენის “Wings for Life“-ის სამედიცინო პარტნიორი გახლდათ კორპორაციის სამედიცინო პუნქტებში ექიმები მარათონში მონაწილე მოხალისეებს საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. სამედიცინო  პუნქტებთან და სარბენ ბილიკზე მობილიზებული იყო ევექსის რეანიმობილები, რომლებსაც მოხალისეები გადაუდებელი შემთხვევების დროს გადაყავდა ყვარლის ჰოსპიტალში ან ადგილზე უწევდა დახმარებას.

CNF (Caucasus nature fund) ფონდის დახმარებით კომპანია ჩაერთო კავკასიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტში. ფონდის მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ქვეყნის მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში, ისევე როგორც თბილისსა და ხვა ქალაქებში, ევექსი რეგულარულად ახორციელებს უფასო სამედიცინო გასინჯვებს და კონსულტაციებს მაღალი რისკის ნოზოლოგიებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015-2016 წწ სხვადასხვა სპეციალისტების მიერ 5,000-ზე მეტ პაციენტს გაეწია მომსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *