შემოგვიერთდით

თავისუფალმა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო და განათლების ყველა სტანდარტთან სრული შესაბამისობა დაუდგინდა

თავისუფალმა უნივერსიტეტმა მიიღო ავტორიზაცია და სრული შესაბამისობა დაუდგინდა განათლების ყველა სტანდარტთან. ამ ფაქტს ნათია სამუშია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.

“ავტორიზაციის ვიზიტი ჩატარდა 1-3 მაისს და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე იყო გი ჰუგი, რომელიც ბოლონიის პროცესის ერთ-ერთ იდეოლოგად მიიჩნევა.

ვნერვიულობდი, რადგან:
– ჩვენ განსხვავებული უნივერსიტეტი ვართ სტრუქტურით, სწავლებით, კვლევისადმი მიდგომით და მთლიანობაში მთელი კონცეფციით. არ ვიცოდი, რამდენად გაიგებდა გი ჰუგი FreeUni-ს მთავარ პრინციპებს. ჩვენ კი კომპრომისებს არ ვაკეთებთ ჩვენს მთავარ პრინციპებთან.
– აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აბსოლუტურად უსამართლოდ გაუქმება, ცხადია, მახსოვს.

რთული, დიდი მოსამზადებელი პროცესი გავიარეთ და FreeUni-ს თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში.

ავტორიზაციის ვიზიტისას ექსპერტებმა ინტერვიუები ჩაატარეს ადმინისტრაციასთან, პროფესორებთან, მეცნიერებთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, დამსაქმებლებთან. 25 ინტერვიუ ჩატარდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განსაზღვრულ ათობით ადამიანთან. ინტერვიუები 3 სრული დღე მიმდინარეობდა.

შედეგად, ვიზიტის დასკვნით შეხვედრაზე, გი ჰუგმა key finding-ების ნაწილში ბევრი რეალურად კარგი რამ გვითხრა. ყველას ვერ ჩამოვწერ მოცულობის გამო და მხოლოდ ძირითადებს ვიტყვი:

– თავისუფალი უნივერსიტეტი მართლაც სტუდენტებზე ორიენტირებული უნივერსიტეტია. ასობით უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი, ყველას პრეტენზია აქვს რომ სტუდენტზე ორიენტირებულია და ამას თქვენნაირად მხოლოდ ერთეულები ახერხებენო.

– ყველას გააზრებული ჰქონდა უნივერსიტეტის მისია: ადმინისტრაციას, პროფესორებს, დეკანებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და დამსაქმებელ კომპანიებსაც კიო. თქვენ ყველამ შეძელით ამ მისიის ჩემამდე მოტანა და ალბათ, თქვენი დამფუძნებელი ძალიან იამაყებდა თქვენითო.

– რეალურად თქვენ არ გაქვთ ბიუროკრატია. არ ვიცი, როგორ ახერხებთ მაგრამ ბიუროკრატიის გარეშე აღწევთ მიზნებს და დებთ შედეგებსო. ეს საოცარიაო.

– საოცარია თქვენი სტუდენტების და კურსდამთავრებულების მაღალი დონის კომპეტენტურობა. ძალიან ჭკვიანები და მოტივირებულები არიანო.

– უნდა აღინიშნოს თქვენი პეროსნალის მაღალი დონის კვალიფიციურობაო.

– თავისუფალი უნივერსიტეტისგან უნდა ისწავლონ არა მხოლოდ ქართულმა უნივერსიტეტებმა, არამედ უცხოურმა კარგმა უნივერსიტეტებმაო.

– ვაფასებ იმ თავდადებას და სიყვარულს, რაც დავინახე თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლებშიო. თქვენ ხართ თამამი ინოვატორები, რომლებსაც გამოწვევების არ ეშინიათ და წარმატებებს აღწევენო.

– არცერთი შენიშვნა გვაქვსო. ბოლოს ტაში მინდა დაგიკრათო.” – აცხადებს ნათია სამუშია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *