შემოგვიერთდით

თანამშრომლების მუდმივი კონტროლი ზრდის შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობას?!

ადამიანის უფლებების დასაცავი პროტესტების ტალღამ და შრომის ბაზრის არნახულმა რეგულაციებმა, რაც ძირითადად მე-20 საუკუნეში ვიხილეთ, სამუშაო სფეროში გარკვეული ტრადიციები, ნორმები და მისაღები ქმედებები სრულიად საპირისპიროდ შეცვალა. თანამშრომლები ბევრად უფრო მშვიდ, თავისუფალ და ჰუმანურ გარემოში მუშაობენ. მაგრამ, რამდენად ეფექტიანია თითოეული მხარისათვის ურთიერთკონტროლის სრული აბსენტიზმი?

The Guardian-ში ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ სტატიაში დასახელებულია რამდენიმე კომპანია, რომელიც უკვე იყენებს გარკვეულ მეთოდებს დაქირავებულთა ყოველდღიური საქმიანობის გასაკონტროლებლად. მეტიც, სტატია ასევე შეიცავდა ინფორმაციას რამდენიმე ტექ-კომპანიის შესახებ, რომლებიც კონტროლის მსურველი ბიზნესებისათვის სპეციალურ სათვალთვალო პროგრამებს ქმნიან! მაგალითად, კომპანიის კომპიუტერის მომხმარებლის კონტროლის ერთ-ერთი მეთოდია ყოველდღიურად გაგზავნილი/წაკითხული მეილების რაოდენობა, ინტერნეტ ბრაუზერის ისტორია და სხვა. როდესაც რომელიმე თანამშრომელი „ტიპური“ მაჩვენებლებიდან ამოვარდება, პროგრამა ავტომატურად აფრთხილებს დამქირავებელს.

ქივორდებზე ორიენტირებული კონტროლი ასევე ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექსუალური ძალადობის, ბულინგის, რასისტული თუ სხვა სახის შეურაცხყოფის დასაფიქსირებლად როგორც თანამშრომლეთა ინტრა სოციალურ ქსელში, ასევე ინტერნეტ ბრაუზერებში.

კონტროლის მეთოდებს არა მხოლოდ პირდაპირი დაკვირვება ან ჩატის კითხვა, არამედ თანამშრომლის მიერ შედარებით დაფარული აპლიკაციების გამოყენების კონტროლიც წარმოადგენს. მაგალითად, თუ თქვენი თანამშრომლები აქტიურად იყენებენ ისეთ საიტებს ან აპლიკაციებს, რომლებიც, მინიმუმ მათი აზრით, კორპორატიულ კონტროლს არ ექვემდებარება, სავარაუდოდ, გარკვეული ეჭვები უნდა გაგიჩნდეთ.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზემოხსენებულ სტატიაშია მოხსენიებული, არც მეტი არც ნაკლები, ყოველ 10 წუთში ერთხელ ვებ კამერის გამოყენებით საკუთარ თანამშრომლებს სურათებს უღებს, რათა მათი ადგილსამყოფელი, გამომეტყველება და მსგავსი დეტალები გააერთიანოს და საშუალო „ქულა“ მიანიჭოს, რომელიც მათი პროდუქტიულობის შესაფასებლად გამოიყენება. როგორც კომპანიის CEO აღნიშნავს, თანამშრომლები გარკვეული პროტესტის შემდეგ თავადვე ხვდებიან, რომ ამგვარი კონტროლი მათი ეფექტიანობის გასაზრდელადაა შექმნილი და ორივე მხარესთვის მომგებიანია. მეორე მხრივ, თქვენთვის მოგვინდია იმის გადაწყვეტა, რამდენად მისაღები იქნებოდა, თქვენს ფეისბუქ ჩატს უფროსი რომ გიკონტროლებდეთ.

Awareness Technologies-ის, კომპანიის, რომელიც ამგვარ საკონტროლო ტიპის პაკეტებს ქმნის და ყიდის, შეფი მიიჩნევს, რომ დაქირავებულის კონტროლი გარკვეული აზრით თინეიჯერი შვილის კონტროლს ჰგავს:

„წარმოიდგინეთ, რომ ხართ მშობელი და თქვენი მოზარდი შვილი არა მხოლოდ დავალებებს არ ასრულებს, არამედ სახლშიც გვიან ბრუნდება. ბუნებრივია, რომ მისი საქმიანობის მიმართ კითხვები გაგიჩნდებათ და შესაბამის მეთოდებსაც მიმართავთ. შრომითი ხელშეკრულების ურთიერთობები თითქმის ასეთივე კონტროლებს უნდა ექვემდებარებოდეს, თუ ვინმე გზიდან უხვევს, შეგიძლიათ ეს პრობლემა დასაწყისშივე აღმოფხვრათ“. – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

საბოლოოდ, ამ საკითხზე შეთანმხება თითქმის შეუძლებელია. რამდენადაც არ უნდა იმატებდეს ეფექტიანობა და პროდუქტიულობა თანამშრომლებში, კონტროლი და მუდმივი დაკვირვება ნებისმიერ შემთხვევაში ატარებს ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას. მეორე მხრივ, ოპტიმალური გამოსავალი, ჩვენი აზრით, ორივე მხარის ერთი მაგიდის ირგვლივ დაჯდომა და ერთობლივი შეთანხმების მოძიებაა.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *