შემოგვიერთდით

თქვენ ლიდერი ხართ – რა თვისებები ახასიათებთ ლიდერებს?

რას ნიშნავს იყო ნამდვილი ლიდერი? ან რატომ ვაფასებთ ადამიანში ლიდერულ თვისებებს? ალბათ, ამ სიტყვის ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ ერთზე ყველა ვთანხმდებით, ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანები უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას.

მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი სქემა, რჩევა თუ მეთოდოლოგია არსებობს საკუთარ თავში ლიდერის გაღვიძებასთან დაკავშირებით. საქართველოშიც კი, ბოლო პერიოდში უამრავი კურსი შეიქმნა მსგავსი საკითხების განსახილველად და სასწავლებლად. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ლიდერობაზე და იმ თვისებებზე, რომლებიც ჭეშმარით ლიდერს ახასიათებს.

GIMSA-ს ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თავმდაბლობა, ტოლერანტულობა და ინოვაციურობა ყველაზე მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს წარმატებული ლიდერის ფორმირებისთვის. ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები ესაუბრნენ დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმატებულ ლიდერებს და სთხოვეს, დაესახელებინათ ის თვისებები, რომლებიც გადამწყვეტია ლიდერშიპისათვის. შედეგად, გამოკითხულთა პასუხებიდან 5 ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორი გამოირჩა:

  1. მოთმინების უნარი
  2. რესპექტაბელურობა
  3. შთაგონების უნარი
  4. ჩამოყალიბებული ხედვა
  5. დაკვირვების უნარი

როგორც ბიზნეს ქოუჩი ჰელენ პეკჰემი წერს, ლიდერობა გემის კაპიტნობას ჰგავს, საჭიროა ის, ვინც ხომალდს გაუძღვება და არა ის, ვინც უბრალოდ იდგება საჭესთან. საჭიროა რისკების აღება და საკუთარი აზრის დაფიქსირება მაშინაც კი, როდესაც სხვა ყველა საპირისპიროს ამტკიცებს.

განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ დაკვირვებისა და ჩამოყალიბებული ხედვის თვისებები. საქმე ისაა, რომ ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში ხშირად ჩნდება პრობლემური სიტუაციები, რომლის მოგვარებაც ლიდერის პასუხისმგებლობა და მოწოდებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ლიდერს შეეძლოს საქმეში გარკვევა, საპირისპირო შეხედულებების თანასწორად შეფასებია და მხოლოდ შემდეგ რეაგირება. ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებებს, საბოლოოდ აუცილებლად კრახამდე მიგვიყვანს.

გარდა ამისა, თუ გვინდა წარმატებული ლიდერები ვიყოთ და რეალური ღირებულება შევქმნათ, აუცილებელია არასდროს გავჩერდეთ ერთ ადგილას და არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. ჭეშმარიტი ლიდერის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწორედაც ახლისკენ სწრაფვა, საკუთარი შეცდომების აღიარება და მუდმივი სწავლაა. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი იცით და ახალს ვერავინ ვერაფერს გასწავლით, დიდი ალბათობით, ცდებით.

შთაგონებისა და დაფასების უნარი აგრეთვე საკმაოდ დეფიციტურ თვისებებს წარმოადგენს. იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მენეჯერს, რომელიც ყოველთვის სწორად აფასებს თავის ქვეშევრდომებს, გამოხატავს როგორც მადლიერებას, ასევე მიუთითებს შეცდომებზე. გარკვეული აზრით, ლიდერი როლური მოდელი უნდა იყოს – თანამშრომლებს უნდა სურდეთ მასთან ურთიერთობა, არათუ გაურბოდნენ ან თავს არიდებდნენ.

საბოლოო ჯამში, კარგი ლიდერები საერთო ბიზნეს და სოციალურ გარემოს აუმჯობესებენ. კომპანიის ყველა წევრი ბევრად მომგებიან სიტუაციაშია, როდესაც სათავეში ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი ადამიანი დგას და რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrnews.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *