შემოგვიერთდით

ირაკლი კობახიძე: “ქართული შრომის სამართალი გადავიდა ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე”

დღეს სასტუმრო “რედისონში” კონფერენცია “შრომითი უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი” გაიმართა.

კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,რომ ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა და საერთაშორისოდ აღიარებული შრომის უფლებების დაცვა სწორედ ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა.

მან ასევე მიმოიხილა ქართული შრომის სამართლის ისტორიული განვითარების ეტაპები და აღნიშნა, რომ ათვლა იწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1920 წლის 14 აგვისტოს კანონით „შრომის ხელშეკრულების შესახებ“. ასევე, შრომის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ დებულებას ითვალისწინებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციაც.

“დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომით კანონმდებლობის რიგი ცვლილებების ფონზე, 2006 წელს მიღებული იქნა შრომის ახალი კოდექსი. ეს კოდექსი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე შეფასებით, მიჩნეული იყო როგორც უპირატესად დამსაქმებლის ინტერესსა და პრიორიტეტებზე მორგებული ნორმატიული დოკუმენტი. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან შეუსაბამობის კუთხით.

“2013 წლის ივლისში, საქართველოს შრომის კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, ახლებურად დარეგულირდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არაერთი ასპექტი. შედეგად, ქართული შრომის სამართალი გადავიდა ისტორიული განვითარების ახალ ეტაპზე. შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები – ზოგადად და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით – საერთაშორისო საზოგადოებამ პოზიტიურად შეაფასა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ზოგიერთ კონვენციასთან შესაბამისობის დახვეწა”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებზე, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ შექმნა. “ახალი რედაქცია მაღალი სტანდარტით იცავს შრომით უფლებებს საქართველოში”,-აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის დღის წესრიგს სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორისაა შრომითი ურთიერთობები.

“ასევე, ხაზი უნდა გაესვას ევროპის სოციალური ქარტიის ზოგიერთი რატიფიცირებული ნორმის ეროვნული დონეზე დანერგვის საკითხს. დღეის მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 17 კონვენცია, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლებას და კოლექტიურ მოლაპარაკებას, დისკრიმინაციის აკრძალვას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ბავშვთა შრომის აკრძალვას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ასევე ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს, რათა ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომის სტანდარტებთან და შეთანხმებებთან.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების 229-ე მუხლში დეკლარირებულია სრული და პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული შრომა, როგორც გლობალიზაციის მართვის ძირითადი ელემენტები. იმავე ნორმის ძალით, საქართველოს სახელმწიფო ადასტურებს მის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სრული და ნაყოფიერი დასაქმებისა და ღირსეული შრომის არსებობას ყველასათვის. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულებაა, პატივი სცეს, ხელი შეუწყოს და რეალურად ასახოს კანონმდებლობაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციები. ამ მხრივ კვლავაც რჩება გამოწვევები – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რატიფიცირებული აქვს თანაბარი ანაზღაურების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1951 წლის კონვენცია (#100), ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს შრომით ურთიერთობებში დამსაქმებლის მიერ ქალისა და მამაკაცის მიმართ თანაბარ შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის და კონკრეტულად, თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულირება.

აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების კონცეფციის ინსტიტუციონალური დანერგვა ეროვნულ დონეზე წარმოადგენს ევროპის კავშირის სამართლებრივი სივრცის ქვაკუთხედს. მეტიც, ფუნდამენტური კონვენციების ეროვნულ კანონმდებლობაში მეტწილად ასახვის მიუხედავად, ამავე კონვენციებთან სრული შესაბამისობა გულისხმობს ადეკვატური და ეფექტური აღსრულების მექანიზმის დაწესებას, რაც თავისთავად გულისხმობს შრომის ინსპექციისა და სანქციების სისტემის ამოქმედებასა და გამოყენებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *