შემოგვიერთდით

ლევან ლეფსვერიძე: მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება

ლევან ლეფსვერიძე ლივინგსტონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და ჟიურის წევრია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: როგორ დაიწყო თქვენი და  ლივინგსტონის ისტორია ?

ლივინგსტონის ისტორია დაიწყო ერთი Facebook გვერდის მართვით ოთხმა მეგობარმა. ეს იყო თიბისი სმარტ კლუბის გვერდი, პირველი ბრენდირებული facebook გვერდი საქართველოში.

HR hub: რას იტყოდით თანამშრომლების თვალით დანახულ ლევან ლეფსვერიძეზე, როგორი უფროსია ის ?

ალბათ მათი თვალით ვარ ყოველთვის მოუცლელი და მოჩქარე. მეტი ყურადღება რომ ჭირდებათ ჩემგან, ვიდრე ვახერხებ რომ დავუთმო.


HR hub: გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი გასაუბრება, როდესაც თქვენ გამსაუბრებლის როლში იყავით?

ეს იყო გასაუბრება ბატონ გიორგი ავალიანთან. ახლა ის ლივინგსტონის მთავარი ცეცხლის დამნთები და კრეატიული დირექტორია. მახსოვს ბანქოს კარტი ჰქონდა მოტანილი, წინასწარ თანმიმდევრობით დაწყობილი, ისე რომ ყოველ მომდევნო კარტის ამოღებაზე თითო ისტორიას ყვებოდა. საბოლოოდ მთელი დასტა ჩაამთავრა ისე, რომ მორალი ბოლოს გაცხადდა.

HR hub: შემცდარხართ კანდიდატის შერჩევაში ?
შეცდომები ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ერთი გასაუბრებით ბოლომდე გაიცნო ადამიანი.

 HR hub: ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ გასაუბრების დროს ?

გასაუბრების დროს, ყველაზე დიდი რისკია სწორად შეაფასო: საიდან მოდის კანდიდატის მოტივაცია. ხშირად მოტივაცია, არა საქმის სიყვარულიდან, არამედ ეგოიზმიდან იღებს საკვებ ენერგიას. ასეთ შემთხვევებში, კანდიდატის საქმიანობამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს გუნდურობის განცდას ორგანიზაციაში.

HR hub: შერჩევის დროს, ვის მიანიჭებდით უპირატესობას გამოცდილ კანდიდატს, ნაკლები მოტივაციით თუ გამოუცდელს და მოტივაციით სავსეს ?

თუ ასეთი არჩევანია, აუცილებლად გამოუცდელს დიდი მოტივაციით.

 HR hub: თქვენს სფეროში დასაქმების მიმართულებით, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ პრობლემად ?

პროფესიული სასწავლებლების ნაკლებობას.

HR hub: თქვენ იყავით 2013 წლის Spotlight-ის სპიკერი და თემას ერქვა ,,მაღლა ფრენის ტრაექტორია“. როგორ ფიქრობთ მაღლა ფრენა ყველას შეუძლია ?

მაღლა ფრენა შეუძლია ყველას, თუ მოინდომებს და ბოლომდე დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *