შემოგვიერთდით

მანდატურს თანამდებობაზე მანდატურის სამსახურის უფროსი დანიშნავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა.

 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

კანონპროექტის მიხედვით:

  • მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი;
  • თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი;
  • მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე;
  • იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

წყარო: ფოტო www.mes.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *