შემოგვიერთდით

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერი ხვალ ბრიფინგს მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 13 ნოემბერს 11:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. კვირიკაშვილი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრებს.

წინასწარი, არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო – ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებაზე, რომლის ნაწილიც – ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. არაოფიციალურად ასევე საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთვის შეერთებაზე.

დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთება.

გარდა ამისა, თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავაც.

პრემიერი ხვალ დეტალურად ისაუბრებს, სტრუქტურული ცვლილებების გამო რომელი სამინისტრო გაერთიანდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *