შემოგვიერთდით

ნათია მიხანაშვილი: კრედო ბანკში 360 გრადუსიანი შეფასების სისტემა დაინერგა

360 გრადუსიანი შეაფსების სისტემ თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, მათ კომპეტენციასა და უნარებზე, ობიექტური ინფორმაციის მიღების ყველაზე დიდი ალბათობაა.

360–გრადუსიანი, იგივე წრიული შეფასების სისტემა, მეთოდებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობაა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უკუკავშირი ერთდროულად ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც მათ გარშემო მუშაობს – უშუალო ხელმძღვანელისგან, კოლეგებისგან და დაქვემდებარებულებისგან.

შეფასების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლის ხელფასსა თუ დაწინაურებასთან დაკავშირებით, თუმცა კრედო ბანკში 360 გრადუსიანი შეფასების, ან როგორც კრედოში ეძახიან „უკუკავშირის“ სისტემა მხოლოდ თანამშრომლის პროფესიულ ზრდა-განვითარებას ემსახურება. ეს მეთოდი პირველ რიგში თანამშრომლისთვის უკუკავშირის მიღების ფასდაუდებელი საშუალებაა, რომელის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას პირველ რიგში თავად თანამშრომელი იყენებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის.

გთავაზობთ ინტერვიუს კრედო ბანკის ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან – ნათია მიხანაშვილთან:

HR hub: სულ ახლახანს კრედო ბანკში თანამშრომლებისსაქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის შეფასების სისტემა დაინერგა. ვისი ინიციატივით მოხდა აღნიშნული სისტემის დანერგვა?

360 გრადუსიანი უკუკავშირის სისტემა დაინერგა 2016 წელს კრედოს HR გუნდის ინიციატივით. ქართული შრომითი ბაზრისთვის შედარებით ინოვაციურ პრაქტიკას დირექტორატის დიდი მხარდაჭერა მოყვა და დღეს კრედოში მომუშავე თითოეული მენეჯერი, ტოპ მენეჯმენტის ჩათვლით, ჩართულია უკუკავშირის პროცესში.

HR hub: რამდენი თანამშრომელი მუშაობს კრედო ბანკში? კრედოში მუშაობს 4,000-ზე მეტი თანამშრომელი.

HR hub: რას გულისხმობს ეს სისტემა ? დაწვრილებით, რომ მოგვიყვეთ მის შესახებ.

360 გრადუსიანი უკუკავშირის სისტემა არის შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი იღებს უკუკავშირს რამდენიმე წყაროდან. როგორც წესი, 10-15 ადამიანი ავსებს კითხვარს და აძლევს სტრუქტურულ უკუკავშირს შესაფასებელ თანამშრომლს მის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზე. შემფასებლები სხვადასხვა სამსახურებრივ დამოკიდებულებაში არიან ინდივიდთან: თანასწორები, პირდაპირ დაქვემდებარებულები, უფროსები. 360 გრადუსიანი უკუკავშირის მნიშვნელოვანი როლი სწორედ ისაა, რომ დააფიქროს თანამშრომელი საკუთარ უნარებზე და პერფორმანსზე, რათა მიეცეს მოტივაცია ცვლილებებისთვის, შესაბამისად განვითარებისთვის. ზუსტად ამას ემსახურება თავად მონაწილის მიერ საკუთარი თავისთვის მიცემული უკუკავშირი.

HR hub: რა იყო მთავარი გამოწვევა სისტემის დანერგვის პროცესში?

მთავარი გამოწვევა იყო კონფიდენციალურობის და ანონიმურობის გარანტია, რაც შეფასების პროცესში განაპირობებს ობიექტურობას და რეალისტურ შედეგებს. სწორედ კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად ჩვენ შევარჩიეთ დიდი ბრიტანული კომპანია MTS 360, რომელიც უკუკავშირის მიღების და რეპორტების გენერაციის პროცესს 100%-ით მართავს. ჩვენი გუნდი საქართველოში კი მხოლოდ მასალის ქართულ ენაზე თარგმნაში დაეხმარა ბრიტანელ კოლეგებს. MTS 360-ს აქვს დიდი გამოცდილება განვითარების პროექტებში ექსპერტიზის კუთხით ისეთ წამყვან ბიზნეს სკოლებში, როგორიცაა ლონდონის ბიზნეს სკოლა. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით და გამოვიყენეთ ეს საერთაშორისო ნოუ ჰაუ.

HR hub: როგორ მოხდება თანამშრომლების საქმიანობის შეფასება?

შეფასება მოხდა სპეციალური კითხვარით, რომელიც მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია კითხვებს. უკუკავშირი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში და შედეგები პირდაპირ იგზავნება ლონდონში, სადაც კომპანია ამუშავებს რეპორტებს. პროცესის ბოლოს თითოეული მონაწილე მეილზე იღებს საკუთარი უკუკავშირის რეპორტს.

HR hub: რა მიზნით ტარდება შეფასება? 

თანამშრომლების დაჯილდოებისათვის, შესრულებული სამუშაოს გამუჯობესებისათვის თუ რაიმე სხვა მიზნით? როგორც ავღნიშნე, შეფასება ტარდება ინდივიდის პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის და მენეჯერული უნარების გაუმჯობესებისთვის.

HR hub: ამჟამად რა ეტაპზეა  სისტემის დანერგვის პროცესი ?

360 გრადუსიანი უკუკავშირის პროცესი პირველად ჩატარდა 2016 წელს, სადაც კრედოს 45-მა მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა. უკუკავშირის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა საკუთარი უნარების გასაუმჯობესებლად ემუშავა პროფესიონალ ქოუჩთან ჯგუფურ თუ ინდვიდუალურ სესიებზე. ქოუჩინგის ჩართვით ვუზრუნველვყავით, რომ თანამშრომელთა განვითარება კიდევ უფრო შედეგიანი, დროული და მიზანმიმართული ყოფილიყო. შარშანდელი წარმატებული პილოტის შემდეგ 2017 წელს უკუკავშირის პროცესში უკვე კრედოს 100-ზე მეტი მენეჯერია ჩართული. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ შეფასების პროცესი გულისხმობს თანამშრომლის მიერ საკუთარ თვითშეფასებასაც, რაც საინტერესო საანალიზო მასალას იძლევა თვით-აღქმულ რეალობასა და კოლეგების მიერ მოცემულ უკუკავშირს შორის.

HR hub: როგორ შეხვდნენ თანამშრომლები აღნიშნულ სიახლეს?

ძალიან პოზიტიურად და პროაქტიულად. ამ შედეგის უზრუნველყოფა შრომატევადი, თუმცა მიღწევადი აღმოჩნდა.

HR hub: როგორ ატარებთ უკუკავშირის ინტერვიუს?

უკუკავშირის ინტერვიუ ტარდება უშუალოდ თანამშრომელსა და მის უფროსს შორის, სადაც განხილულია რეპორტში ამოსული აქცენტები განვითარების მიმართულებით.

ადამიანური რესურსების სამსახური შედგება 20 პროფესიონალი HR-გან. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელიც მხარში მიდგას ნებისმიერი ახალი ინიციატივის წამოწყებისას და საუკეთესო საერთაშორისო პრექტიკების კრედო ბანკში დანერგვის პროცესში გულმოდგინეთ, მონდომებით ვართ ჩართული.

HR hub: კიდევ რა სიახლეები, სამომავლო გეგმები გაქვთ ადამიანურირ რესურსების მართვის კუთხით კრედო ბანკში?

ძალიან ბევრი მიმართულებით ვვითარდებით, განსაკუთრებული აქცენტით თანამედროვე მიდგომებზე, როგორიცაა ელექტრონული სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში. ჩვენი მიზანია ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერა და თთოეული თანამშრომლისთვის თუ ტოპ მენეჯმენტისთვის ადამიანური რესურსების კუთხით პროფესიონალური პარტნერშიპის გაწევა.

HR hub: კრედო აკადემიის შესახებაც მოგვიყევით

2015 წლის იანვრიდან კრედო ბანკში უკვე ოფიციალური სახით ფუნქციონირებს კრედო აკადემია, რომელიც ინტენსიურად ატარებს ტრენინგებს თანამშრომლებისათვის. კრედო აკადემიის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ტარდება კამპუსში, რომელშიც ასევე, შესაძლებელია თანამშრომლების განთავსება. კრედო აკადემიას ჰყავს 3 შიდა ტრენერი და უამრავი კონტრაქტორი პროფესიონალი ტრენერი ქვეყნის მასშტაბით. რიგ ტრენინგებთან ერთად, აკადემიის მიერ შემუშავებულია მენეჯერების განვითარების პროგრამები, რომელთა საშუალებით ხდება საშუალო რგოლის მენეჯერების გადამზადება/დატრენინგება. აღსანიშნავია ისიც, რომ წელიწადში ორჯერ იმართება ზაფხულისა და ზამთრის აკადემია, რომლის ფარგლებში შიდა ტრენერებთან ერთად ინტენსიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგები მოწვეული ტრენერების მონაწილეობითაც. კრედო აკადემია თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო ცენტრთან და ორგანიზაციასთან და კრედოელებს წელიწადში რამდენჯერმე აძლევს საშუალებას სხვადასხვა მოწვეულ ტრენერთან გაიარონ მათთვის საინტერესო და საჭირო თემები. კრედო აკადემია ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე მათთვის სწავლის დაფინანსების კუთხითაც. აკადემია აფინანსებს თანამშრომელთა სამუშაო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის კურსებს, ტრენინგებს. ამასთანავე, ხელს უწყობს საშუალო რგოლის მენეჯერების წინსვლას და თანადაფინანსებით აძლევს მათ საშუალებას გაიარონ ინგლისური ენის კურსები და სამაგისტრო პროგრამა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *