შემოგვიერთდით

ნათია მიხანაშვილი: ,,ჩვენი როლი არ არის მხოლოდ სწავლება, ჩვენც გვინდა ვისწავლოთ ახალგაზრდებისგან”

კრედო ბანკი ,,ჩვენ გეძებთ შენ”  პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში,  საქართველოს 4 რეგიონში: კახეთი, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი ჩატარდება არასტანდარტული კონცეფციის დასაქმების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანია შესაბამისი ვაკანსიებით. პირველი ღონისძიება 7 ივლისს, თელავში, ნადიკვრის პარკში, 16:00სთ-ზე ჩატარდება.

HR hub ესაუბრა  “კრედო ბანკის” ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ნათია მიხანაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ მხარი დაგეჭირათ თელავის დასაქმების ფესტივალისთვის ?

ჩვენთვის, კრედო ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების გაცნობა, მათთან დამეგობრება და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუკეთესო სამუშაო გარემოს შეთავაზება. თელავის სტუდენტური დასაქმების ფესტივალი ამის უალტერნატივო შესაძლებლობას გვთავაზობს და ჩვენც მარტივად მივიღეთ გადაწყვეტილება ვყოფილიყავით პარტნიორი კომპანია.

HR hub: რა ვაკანსიებით იქნება წარმოდგენილი კრედო ბანკი თელავში ?

თელავში გვაქვს გაყიდვებზე ორიენტირებული ვაკანსიები, სადაც მთავარი არ არის გამოცდილება, უპირატესობა მონდომებას და მოტივაციას ენიჭება. ჩვენ თუ ვხედავთ ახალგაზრდებში პოტენციალს, ბანკში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ, ვასწავლით თეორიას, პრაქტიკულად ვაკეთებინებთ საქმეს და ვზრდით პროფესიონალებად.

HR hub: ,,თელავი ჯობსზე“ წარმოდგენილი იქნება წარმატების კუთხე, სადაც ერთ-ერთი სპიკერი თქვენ იქნებით. რა თემებზე აპირებთ საუბარს ?

ხშირად, ადამიანი თავისი მომავლის შემოქმედია. სტუდენტებს გავუზიარებ წარმატების პრინციპებს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და დავიჯეროთ დღეს, რომ ისეთი მომავალი გვქონდეს, როგორიც გვინდა, გვჭირდება და ვიმსახურებთ.

HR hub: რას ურჩევდით მათ, ვინც 7 ივლისს, თელავის დასაქმების ფესტივალზე გეგმავს მოსვლას ?

იაქტიურონ, დაგვისვან ბევრი კითხვა, გაგვიაზიარონ რა პრობლემებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას. ჩვენ მათ ყურადღებით მოვუსმენთ და გავიზიარებთ მათ რჩევებს. ჩვენი როლი არ არის მხოლოდ სწავლება, ჩვენც გვინდა ვისწავლოთ ახალგაზრდებისგან, რადგან ეს ადამიანები ამოძრავებენ სამყაროს და მნიშვნელოვანია მათი ხმა ყველას ესმოდეს.

HR hub: რა უნდა გაითვალისწინოს სამსახურის მაძიებელმა გასაუბრებაზე წასვლამდე ?

ძალიან კარგია, როცა კანდიდატი ფლობს  ინფორმაციას კომპანიის და იმ ვაკანსიის შესახებ, სადაც მიდის გასაუბრებაზე. რაც უფრო ჩამოყალიბებულია კანდიდატი, მეტი შანსი აქვს შეირჩეს. აქტიურობა, მოტივაცია, წარმატების სურვილი და კრედო ბანკის მიმართ ინტერესი ჩვენთვის საკმარისი სიგნალია, მთავარია ჩვენც იგივე ენერგიით დავმუხტოთ ახალი თაობა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *