შემოგვიერთდით

ნინო ბერუაშვილი: „ის შედეგი, რასაც გუნდების მეშვეობით მართვა გვაძლევს, დახარჯულ დროზე უფრო ღირებულია“

hrhub.ge – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნლი ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ
ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ პროფესიონალი, წარმატებული  HR სპეციალისტები.

რუბრიკის “HR მენეჯერი” – სტუმარია – ნინო ბერუაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი. მას აქვს 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სფეროში. საქმიანობის პარალელურად კითხულობს ლექციებს GIPA-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ნინო HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიების მენტორიც იყო.

ნინოს ვესაუბრეთ გუნდების მართვის მოდელზე, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე მისი მუშაობის პერიოდში დაინერგა.

HR hub: იუსტიციის სასწავლო ცენტრი ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი დანერგა. რატომ გადაწყვიტეთ ამ მოდელის შემოღება ?

აღნიშნული გადაწყვეტილება ,,სინერჯი-ჯგუფთან“ თანამშრომლობის პროექტში გადაწყდა. 2012 წელს ამ ორგანიზაციის დახმარებით სასწავლო ცენტრის მისიის და სტრატეგიის, ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა მოხდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო გუნდების შექმნასთან დაკავშირებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დანერგა ორგანიზაციის მართვის თანამედროვე სტილი.

ნაცვლად ტრადიციული დეპარტამენტების ან მუდმივი დაჯგუფების სხვა ფორმების არსებობისა, ორგანიზაციამ არჩევანი გააკეთა სამუშაო გუნდების შექმნაზე, რომელიც სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენდა ორგანიზაციის განვითარების მიმდინარე და მომავლის საჭიროებებზე.

HR hub: დეტალურად რომ გვითხრათ რას გულისხმობს გუნდების მეშვეობით მართვის სტილი ?

სამუშაო ჯგუფები შედგება შესაბამისი უნარების მქონე მცირე რაოდენობის თანამშრომლებისაგან, რომელთაც აქვთ საერთო მისია, არიან პასუხისმგებლები საერთო მიზნებზე და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე.  მიუხედავად იმისა, რომ გუნდები არ არის გამოსავალი ყველა სიტუაციის ან ორგანიზაციისთვის, თუკი გუნდი ეფექტიანადაა გამოყენებული, ამან შეიძლება დრამატულად გააუმჯობესოს კომპანიის შედეგი და   ორგანიზაციაში კლიმატი პოზიტიურად შეცვალოს.

სამუშაო სპეციფიკისა და ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა ოთხი სამუშაო გუნდი:

  • სწავლების სტანდარტებისა და პროგრამების განვითარების გუნდი;
  • სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გუნდი;
  • ბრენდის განვითარების გუნდი;
  • ტრენერების მოტივირების გუნდი.
  1. დაიმსახურა თუ არა მოწონება თანამშრომლებში აღნიშნული მუშაობის სტილზე გადასვლამ ?

,,პირველივე პროგრამის დასრულებისთანავე შევამჩნიე, რომ გუნდის წევრებმა სიამაყით დაიწყეს  გუნდის სახელის ხსენება და პირველად დავინახე გუნდის წევრთა გაბრწყინებული სახეები, როდესაც საუბარი იწყებოდა მიღწეულ შედეგზე. პირველად ვიგრძენი ,,ძალა ერთობაშია,“ რადგან გუნდის წევრებმა დაიწყეს ერთმანეთისადმი მხარდაჭერისა და დახმარების გამოხატვა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მუშაობას.– ეს ერთ-ერთი გუნდის ლიდერის სიტყვებია, რომლითაც ცხადი ხდება, თუ რამდენად სასიამოვნო იყო თითოეული მათგანისათვის გუნდებში მუშაობა.

HR hub: როგორ დააკომპლექტეთ გუნდები ?

გუნდის წევრების დაკომპლექტება ეფუძნება ტრენერების პირად გადაწყვეტილებას გუნდში გაწევრიანების შესახებ. როტაციის პრინციპის შესაბამისად ხორციელდება გუნდის წევრების შემადგენლობის პერიოდული განახლება. ამ მიდგომის უპირატესობა ისიც არის, რომ  ტრენერების ურთიერთშენაცვლება ხელს უწყობს  ყოველი თანამშრომლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ორგანიზაციის მიზნების მიღწევის ეფექტიანობასაც ზრდის.

HR hub: ჰყავდა თუ არა გუნდს ლიდერი და თუ ჰყავდა რა პრინციპით ხდებოდა მისი არჩევა ?

ნიშანდობლივია, რომ სამუშაო გუნდის ფორმირება და ლიდერების არჩევა ხორციელდება როტაციის პრინციპით წელიწადში 2-ჯერ, 6 თვის ვადით. ხმის უფლებით სარგებლობენ ტრენერები, რომლთა ხმების უმრავლესობით  მიიღება გადაწყვეტილება გუნდის ლიდერის არჩევაზე.

HR hub: რამდენად მოტივირებულები იყვნენ თანამშრომლები სამუშაო პროცესში?

გუნდური მუშაობის დროს ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება გამოავლინოს საკუთარი თავი თანამშრომლებთან, რაც ზრდის მათ პროდუქტიულობას. ასევე, ეს ორგანიზაციაში თავის გამოჩენისა და თანამშრომელთა მხრიდან პატივისცემის დამსახურების საშუალება ხდება. ამავდროულად იზრდება მათი ჩართულობა ორგანიზაციის სტრატეგიულ პროცესებში, რაც მათი მოტივაციის ხარისხზე აისახება.

HR hub: ვინ აფასებდა მათ მუშაობას ?

ორგანიზაციაში დანერგილი გვქონდა 360 გრადუსიანი შეფასების მეთოდი, რომლის დროსაც შეფასება ხორციელდება ხელმძღვანელის, კოლეგისა და დაქვემდებარებულის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ.

HR hub: რა კრიტერიუმებით ფასდებოდნენ ?

კრიტერიუმი შეფასების პროცესში მკაფიოდ იყო განსაზღვრული და ის მოიცავდა ისეთ კომპეტენციებს, რომელიც კონკრეტული პოზიციებისათვის იყო რელევანტური, მაგალითისთვის რომ ჩამოვთვალოთ, მათ შორის იყო ხარისხზე ორიენტაცია, პროაქტიულობა, რჩევის მიცემის უნარები, პრეზენტაციის უნარი და ა.შ.

HR hub: მიიღეთ თუ არა ის შედეგი, რომელსაც ელოდით?

ნამდვილად მივიღეთ ის შედეგი, რასაც ველოდით: ეს არის გუნდების მიერ საპროექტო იდეების გენერირება და მათი განხორციელება. გარდა ამისა, აღნიშნულმა მოდელმა ხელი შეუწყო გუნდების წევრების პროფესიულ და პიროვნულ ზრდას, უზრუნველყო მათი ჩართულობა და ხელი შეუწყო გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას.

HR hub: რა უარყოფითი მხარე აქვს გუნდებით მეშვეობით მართვას ?

უარყოფით მხარედ შეიძლება განხილულ იქნას ის დრო, რომელიც გუნდური მუშაობისათვის არის აუცილებელი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ის შედეგი, რასაც გუნდების მეშვეობით მართვა გვაძლევს, ნამდვილად დახარჯულ დროზე უფრო ღირებულია.

HR hub: გაუწევდით თუ არა რეკომენდაციას თქვენს კოლეგებს, რომ კომპანიებში დანერგონ მუშაობის ეს სტილი ?

ცხადია, ყველა ტიპის ორგანიზაციისათვის შესაძლოა აღნიშნული მოდელი არ იყოს რელევანტური, თუმცა თუ ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იდეების ინიცირება ქვემოდან ზემოთ, გუნდების მეშვეობით მართვა ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, გუნდთან ერთად მუშაობა არა მხოლოდ მეტ პროდუქტიულობას განაპირობებს, არამედ მისი თითოეული წევრისთვის სასიამოვნო გამოცდილებად შეიძლება გადაიქცეს – ერთად მუშაობის, ურთიერთდახმარების, პასუხისმგებლობის, სირთულეების ერთობლივი გადალახვის სასიამოვნო გამოცდილებად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *