შემოგვიერთდით

ნინო ევგენიძე: “ამ ქვეყნის მთავარი ღირებულება და რესურსი ადამიანებშია”

“განათლების საფუძვლიანი რეფორმა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრასთან არის დაკავშირებული ბევრი ის საკითხი, რომელზეც ყოველდღიურად ვკამათობთ, განსაკუთრებით კი ის, თუ როგორი იქნება მომავლის საქართველო. ჩვენთვის, როგორც ერისთვის მნშვნელოვანია დავინახოთ იმ რესურსების გლობალური კონტექსტი, რაც შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოს შევთავაზოთ. კონტექსტი კი ასეთია – ჩვენ არ გვაქვს არანაირი მასშტაბური ბუნებრივი რესურსები (როგორიც მაგალითად ნავთობია), რომელიც საინტერესოს გაგვხდის დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამ ქვეყნის მთავარი ღირებულება და რესურსი არის ადამიანებში. დიდი ისტორიის და დიდი კულტურის ხალხი ვართ, იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ არ გაგვაჩნია, გვახსოვს რა ვიყავით და ვხედავთ სად ვართ. ეს ყოველივე უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მომავლის გეგმების გააზრებისთვის, თან ისეთი გააზრებისთვის, რომელიც ჩვენს წარსულში ჩარჩენას არ გამოიწვევს და პირიქით, სტიმულს მოგვცემს პროგრესისა და განვითარებისთვის.

განათლების სისტემის მოდერნიზირებისა და ხარისხის გაზრდის პრიორიტეტად დასახვა არის სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის გზა. სულ ვფიქრობ, ვერც ერთ მთავრობას ვერ ვაპატიებ საგანმანათლებლო სისტემაში გამოვლენილ ასეთ უმოქმედობას. ეს სისტემა არის ის უმთავრესი საძირკველი, რომელზეც ზოგადად ქვეყნის ღირებულებითი და სახელმწიფოებრივი ფილოსოფია შენდება. ამ სისტემის ინტენსიური განვითარების გარეშე სახელმწიფოებრივი წინსვლა და განვითარება წარმოუდგნელად მეჩვენება. მთავარი არ არის განათლებაში ფულის ჩადება. ფინანსური ინვესტიცია არ არის ის, რასაც ხალხი მთავრობას უნდა სთხოვდეს. ეს არ არის რეფორმის პირველი ნაბიჯი.

მოდით სხვა ქვეყნებს შევადაროთ – როგორ გააკეთა ეს რეფორმა, მაგალითად ესტონეთმა? მარტივად ვიტყვი, ჯერ კიდევ 25 წლის წინ, როცა გადაწყვიტეს რომ საგანმანათლებლო რეფორმების გატარება აუცილებელი იყო წინსვლისთვის – შეაფასეს და აარჩიეს ის ადამიანები, ვისაც შეეძლოთ სარგებელი მოეტანათ ამ სისტემისთვის, ჩაუტარეს სხვადასხვანაირი გადამზადებითი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და ტრეინინგები, მისცეს მათ მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება – შესაბამისად ამ გზით დაიწყეს საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტის შეცვლა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში არსებული საქართველოს ხელისუფლებების მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი საგანმანათლებლო რეფორმებს საკუთარი პრიზმიდან უყურებენ და ხედავენ ამას, როგორც ამომრჩეველთა ხმების მოგროვება/არ მოგროვების პროცესს. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, არჩევნებისას პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საგანმანათლებლო რეფორმა მისთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ცხადზე ცხადია რომ განათლების რეფორმა, მითუმეტეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტაქტიკა ძალიან მტკივნეული რეფორმაა, არის რისკი, რომ დაიკარგება ამ სეგმენტის ხმები (მასწავლებლები მათი ოჯახები და ა.შ.) ამიტომ პოლიტიკური პარტიებისთვის ეს რეფორმა ჯერ კიდევ რჩება არაპრიორიტეტულად.

ამ პრობლემების განხილვას არასაკმარისი და უსამართლოდ ლიმიტირებული ყურადღება ეთმობა. ამიტომ პირველ რიგში, სანამ რეფორმებამდე და პოლიტიკურ ნებამდე მივალთ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების რეფორმაზე აქტიური დისკუსია შედგეს.”

-ნინო ევგენიძე, 2018

წყარო: EduSpace

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *