შემოგვიერთდით

ოთო ტაბატაძე: “ადამიანური რესურსისა და ორგანიზაციული მართვის აუდიტი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი სერვისია”

ოთო ტაბატაძეს HR-ში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. 2002 წლიდან მუშაობდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში.ყველაზე ხანგრძლივად კერძო სექტორში, ადამიანური რესურსების მართვის აღმასრულებელ პოზიციებზე. ოთომ სულ ახლახანს დააარსა კომპანია “ოლსაიდერი” და ამავე დროს  ის არის საერთაშორისო კომპანია “პალატაინ”-ის წარმომადგენელი საქართველოში.

რატომ გადაწყვიტეთ თქვენი კომპანიის დაარსება ?

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კომპანიის დაარსების იდეა ბოლო 10 წელია მაქვს, თუმცა აქამდე ვფიქრობდი, რომ ამისათვის სრულყოფილად მზად არ ვიყავი. კარიერის განმავლობაში მქონდა ეტაპები, როდესაც ერთდროულად ვმუშაობდი თვისებრივად განსხვავებულ  ორგანიზაციებში და ვხედავდი, რომ ის გამოცდილება, რასაც ერთ კომპანიაში იღებ ერთი მხრივ გეხმარება, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა ხელს გიშლიდეს განსხვავებული პროფილის კომპანიაში. ის, რაც ამართლებს ერთ კომპანიაში ორგანიზაციული განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდეს მეორეში – კულტურული კონტექსტის, ბიზნესის სპეციფიკის ან სხვა ფაქტორების გამო. ცხადია, ამ პერიოდის მანძილზე მქონდა შეცდომებიც და წარმატებაც. ვფიქრობ, შეცდომა მექნებოდა ნაკლები, რომ მქონოდა პროცესის გარედან დანახვის შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, დიდ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მიმართულების შიდა „სამზარეულოს“ ზედმიწევნით ცოდნამ და პროცესის გარედან შეფასების საჭიროებამ მიკარნახა  ოლსაიდერის/Allsider კონცეფციაც.  მინდოდა კომპანიის იდეა სახელწოდებაშიც ამესახა, რაც ორგანიზაციის საჭიროებების სრულყოფილ ობიექტივაციას გულისხმობს. ეს კი ყველაზე კარგად პერსონალის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული მართვის პროცესების შეფასებისას ჩანს. ადამიანური რესურსისა და ორგანიზაციული მართვის აუდიტი ჩვენი კომპანიის ერთერთი ძირითადი სერვისია.

რას გულისხმობს HR აუდიტი ?

HR სისტემებისა და მართვის აუდიტის დროს ფასდება მართვის სისტემის და პროცედურების პრაქტიკაში მუშაობის ხარისხი.  ეს მნიშვნელოვანია პერსონალის მართვის ფუნქციის გაუმჯობესების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და განვითარების საჭიროებების გამოსავლენად. HR აუდიტის შედეგების გააზრების შედეგად შესაძლებელია თანამშრომელთა უკმაყოფილების შემცირება, შრომითი დავების თავიდან აცილება და კომპანიის  რეპუტაციის ზრდა.

HR აუდიტის როლი მნიშვნელოვანია, ასევე ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გადაბარებისას, როდესაც HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცვლილება ხდება კომპანიაში. მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ გამჩენია სურვილი, რომ სანამ მუშაობას შევუდგებოდი, მიუკერძოებელი პირისგან ობიექტურად შეფასებულიყო წარსული გამოცდილება და დოკუმენტის სახით გადმომებარებინა ყველა პროცესის სტატუსი. HR აუდიტის შედეგი ახლად დანიშნულ HR პროფესიონალს საშუალებას აძლევს განსაზღვროს განვითარების საორიენტაციო მიმართულებები, აღიჭურვოს დამატებითი ფასეული ინფორმაციით, აღარ დაკარგოს დრო გასული პერიოდის მასალების ხანგრძლივ ინსპექტირებაზე და პირდაპირ ორიენტირდეს მიმართულების განვითარებაზე.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერებას ავალდებულებს, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის  შრომითი ურთიერთობით, პირობებით და არსებული პრაქტიკით დაინტერესდება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით დიდი ორგანიზაციები, დაინახავენ ამ სერვისის დადებით მხარეს.

კიდევ რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს ?

ჩვენი კომპანია ასევე უზრუნველყოფს მიზნობრივ რეკრუტმენტს, ჩვენი პარტნიორი კომპანიების ორგანიზაციული განვითარების პროექტების ფარგლებში. პერსონალის კომპეტენციების ანალიზი და ტალანტების მართვის უახლესი სისტემების განვითარება, ჩვენი გუნდის ასევე ერთერთ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს.

რატომ უნდა მოგმართოთ კომპანიამ ?

წლების განმავლობაში უამრავი პროექტის განხორციელებისას პირადად მე  დაშვებული მაქვს ყველა სახის პროფესიული შეცდომა, რაც კი ჩვენს სფეროში შეიძლება თეორიულად არსებობდეს. ამ  შეცდომების გააზრებამ მთელი რიგი საკითხების გადაჭრის გზები დამანახა. ამიტომ ის მომსახურებები, რასაც ჩვენი გუნდი უზრუნველვყოფს – ვფიქრობ ხარისხობრივად ჩვენს ბაზარზე არის ძალიან კონკურენტუნარიანი.

თქვენ ასევე კომპანია “პალატაინის” წარმომადგენელი ხართ საქართველოში. ჩვენს მკითხველს, რომ აუხსნათ რას გულისხმობს palatine ანალიტიკა ?

პალატაინ ანალიტიკსი/Palatine Analytics ეს არის პერსონალის ეფექტურობისა და განვითარების მართვის უახლესი პლატფორმა, რომელიც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტების მიერ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პერსონალის განვითარებისა და ტალანტების მართვის ეს ინსტრუმენტი, პერსონალის შეფასების ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით თანამშრომელთა კომპეტენციების პერმანენტულად შეფასების და მყისიერი უკუკავშირის საშუალებას იძლევა. შეფასება და უკუკავშირი მიმდინარეობს რეალურ დროში და არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ- ეს არის მენეჯერის, დაქვემდებარებული თანამშრომლებისა და კოლეგების ინტერაქციის და ურთიერთშეფასების ცოცხალი პროცესი, რომელიც ორგანიზაციული წინსვლის თანამედროვე ტემპს არ ჩამორჩება. ახალი თაობის პლატფორმა, გამარტივებული, თვალსაჩინო უკუკავშირის საფუძველზე  თანამშრომელთა პროდუქტიულობის მყისიერ ზრდასა და მათი პოტენციალის სრულყოფილად რეალიზების საშუალებას იძლევა. პლატფორმა ადაპტირებულია ყველა სახის ელექტრონულ მოწყობილობასთან, ეფუძნება სოციალური ქსელისასთვის დამახასიათებელ ცნობისმოყვარეობის პრონციპს და ციფრული HR მენეჯმენტის უახლეს ტენდენციას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

უკვე სარგებლობენ თუ არა ქართული კომპანიები აღნიშნული პროგრამით ?

სულ რამდენიმე კვირაა, რაც საქართველოში აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართლებით  მუშაობა და უკვე რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლებმაც დაიწყეს ჩვენი პლატფორმით სარგებლობა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც კომპანია პალატაინი უფრო დიდი ხანია მუშაობს, პარტნიორი მსხვილი კომპანიების სია საკმაოდ დიდია და ძალიან სწრაფად იზრდება.

როგორია შედეგები ?

გვაქვს ძალიან კარგი შედეგები იმ კომპანიებში, რომლებიც პალატაინ ანალიტიკსის პლატფორმას იყენებს, პერსონალის ეფექტიანობის ზრდის, მართვის გაუმჯობესებისა და ზოგადად მართვისათვის საჭირო, უამრავი დროის დაზოგვის თვალსაზრისით. პლატფორმა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მოთხოვნა იზრდება, რადგან აქვს უძლიერესი  ანალიტიკა, რაც პერსონალის შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი სურათის, პროდუქტიულობის ზრდისა და შესაბამისად დასახული  მიზნების სწრაფად მიღწევის საშუალებს გვაძლევს.