შემოგვიერთდით

ოფისში ტექნიკური ხარვეზები წელიწადში 9 სამუშაო დღის დაკარგვას ნიშნავს

გქონიათ შემთხვევა, როცა სამსახურში, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმის შესრულებისას, მოულოდნელად გათიშულიყო კომპიუტერი, ან უბრალოდ, საათების განმავლობაში ნაწერი დოკუმენტი ტექნიკური ხარვეზების გამო წაგშლოდათ? თუ ეს ისტორიები თავს ერთხელ მაინც გადაგხდენიათ, თქვენ მარტო არ ხართ. რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ბრიტანული კვლევის მიხედვით, თანამშრომლები წელიწადში საშუალოდ 9 დღეს მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების, ან მათგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ხარჯავენ.

Ebuyer.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ერთ-ერთი ბრიტანული ტექნოლოგიური გიგანტია, თანამშრომლების 10% სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზების გამო დღეში 30 წუთს კარგავს, ხოლო გასაშუალოებული მაჩვენებელი 15 წუთსა და 17 წამს შეადგენს, მთლიანი ოფისის მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ 2018 წლის წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო დღეებს, ეს რიცხვი წლიურად 9 დღემდე ადის, რაც შესაძლოა, მთლიან წელთან შედარებით დიდი რიცხვი არ არის, მაგრამ განსაკუთრებით პატარა კომპანიებისთვის, მნიშვნელოვანი უკუშედეგი აქვს.

ქვემოთ მოცემულია კვლევის შედეგად გამოვლენილი სფეროები, რომლებშიც ადამიანები ყველაზე მეტ დროს კარგავენ ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში:

სამართლის სფერო – 17 წუთი

ინფორმაციული ტექნოლოგიები – 17 წუთი

ინჟინერია – 16.5 წუთი

რეკრუტმენტი და HR – 16.3 წუთი

მარკეტინგი და პიარი – 16 წუთი

ბუღალტერია და ბანკები – 15.6 წუთი

მშენებლობა – 15.4 წუთი

ჯანდაცვა – 15.3 წუთი

განათლება – 15 წუთი

საჯარო სერვისები – 15 წუთი

 

როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ტექნიკური ხარვეზი ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე იყო, რამაც გამოკითხულთა 44% მოაცდინა საქმეს ერთხელ მაინც ბოლო 6 თვის განმავლობაში. კომპიუტერებისა და ლეპტოპების გაუმართაობა მეორე მთავარი ტექნიკური ხარვეზია, რომელსაც თანამშრომელთა 41% ასახელებს, ხოლო მესამე ყველაზე მსხვილის ფაქტორი, როგორც აღმოჩნდა, პრინტერისა და მსგავსი მოწყობილობების გაუმართაობაა(40%).

Ebuyer.com-ის წარმომადგენელი დეივ ჯონსი (Dave Jones) აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით აცხადებს,  რომ ტექნოლოგიური ხარვეზები იმ მომავალში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ერთ-ერთი ყველაზე ხარჯიანი პრობლემა იქნება. შესაბამისად, კომპანიებმა დღესვე უნდა იზრუნონ აღნიშნული საკითხის ეტაპობრივად მოგვარებაზე. ამისათვის კი ყველაზე მარტივ გზას მოწყობილობისა და კავშირგაბმულობის სისტემების მუდმივი განახლება და ტექ-შემოწმებაა, რომელიც საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე პრობლემა, რომელიც მათი გაუმართაობის გამო გვექმნება.

საქართველოში, როგორც განვითარებად ქვეყანაში, კავშირგაბმულობის პრობლემები კიდევ უფრო მწვავეა, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამშრომლების მიერ გამოყენებად ტექნიკაზე, რომელიც 10-დან 9 შემთხვევაში მეორადია და შესაძლოა, მომსახურების ვადას გადაცელილიც კი. ეს პრობლემები მხოლოდ თანამშრომლების მოსაგვარებელი არ უნდა იყოს, ტექნიკური ხარვეზები, პირველ რიგში, კომპანიის სახელს, შემოსავლებსა და მომავალს აზიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *