შემოგვიერთდით

პაატა შურღაია: ,,კომპანიაში დანერგილი პროცესები გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული მომხმარებელი იყოს მუდამ პირველი”

Grant Thornton წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ოფისი საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. კომპანია უკვე 10 წელზე მეტია კომბინირებულად იყენებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სერვისების სრულყოფაში ეხმარება. ბიზნეს პროცესების მუშაობის სპეციფიკასა და აუთსორსინგზე ვესაუბრეთ Grant Thornton-ის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელს პაატა შურღაიას.

HR hub: რა სერვისებს მოიაზრებს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPS)?

აღნიშნული მიმართულების სერვისი მოიხსენიება ასევე, როგორც ბიპიეს (BPS) და ბიპიოუ (BPO) სერვისებად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ის დაკავშირებულია ბიზნესის პროცესებთან, ბიზნესის ოპერაციების წრე ბრუნვასთან და ბიზნეს ციკლებთან, რომლებიც გულისხმობს თითოეულ ეტაპზე საწარმოს შედეგებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას, როგორც ეფექტიანობის ასევე ეფექტურობის კუთხით.

რა მოიაზრება საწარმოს ბიზნეს პროცესებში?

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საწარმოს ისეთი დამოუკიდებელი ერთეულები როგორიცაა ფინანსები, გაყიდვები, ადამიანური რესურსები, ადმინისტრაციული თუ სხვა აქტივობების ერთობლიობა, ხოლო ბიპიესი გულისხმობს კონკრეტული, იდენტიფიცირებული აქტივობების საწარმოს გარეთ ე.წ. აუთსორსინგზე გატანას.

Grant Thornton საქართველოს ოფისი ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი BPS_ს სერვისებით:

  • მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვა;
  • გასული პერიოდის საბუღალტრო ჩანაწერებების აღდგენა, მათ შორის, საგადასახადო დეკლარაციების კორექტირება;
  • მთავარი ბუღალტრის როლის შესრულება;
  • ჩვენი კადრების განსაზღვრული ვადით მივლინება დამკვეთის ოფისში ე.წ secondments;
  • ხელფასების ადმინისტრირება ე.წ. payroll;
  • ინვენტარიზაციის წარმოება;
  • ადამინური რესურსების ადმინისტრირება;
  • საგადასახადო კონსულტაციები, მათ შორის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ე.წ. კომპილაციები;
  • სამდივნო ე.წ. company secretarial სერვისები.

HR hubრამდენად სარგებლობენ კომპანიები აღნიშნული სერვისით საქართველოში?

2015 წელს Grant Thornton International–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველი 5 ბიზნესიდან 3 მიმართავს აუთსორსინგულ მომსახურებებს. ამ კვლევაში არ მონაწილეობს საქართველო, თუმცა არსებულ ინფორმაციას თუ დავაკონვერტირებთ სტატისტიკურ მონაცემებში, ვნახავთ, რომ მოთხოვნები ბიპიეს სერვისებზე იზრდება, ასევე იზრდება ბიპიეს-ის გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან და დარგში განხორციელებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ პროფესიული ორგანიზაციების მიერ ათვისებულია მხოლოდ ბაზრის წილის 50-60 პროცენტი, ეს დაახლოებით  15 მილიონი ლარია, შესაბამისად დარჩენილი 10-15 მილიონი არის ბაზრის თავისუფალი ნაწილი, ხოლო ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შემდეგი 5 წლის მანძილზე შევძლებთ ბაზრის 10-15 პროცენტის აკუმულირებას.

HR hubრა უპირატესობა აქვს BPS-ს  კომპანიისთვის?

პროფესიული გარემოს გაჯანსაღებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ BPS სერვისები ხასიათდება როგორც უპირატესობებით, ასევე ნაკლოვანებებით. ამ ორი მახასიათებლების იდენტიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინება.  ისეთი გარდამავალი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, BPS მომსახურებებით სარგებლობა წარმოადგენს ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ წინაპირობას, რადგან ქვეყანაში გვაქვს ზოგადი და პროფესიული განათლების დაბალი დონე, დარგობრივი და ინსტიტუციური სისტემების დაბალი ან საშუალო დონე, რაც განაპირობებს არაკვალიფიციური რესურსების დისტრიბუციას, რომელიც შეიძლება დამღუპველი იყოს ბიზნესისთვის. ხოლო, საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციები არის გარანტი ბიზნესისთვის მრავალმხრივი ცოდნისა თუ კონკრეტულ დარგობრივ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებისა. გარდა ე.წ.  best practicies-ს მიღებისა, BPS-ს დამატებით მიმზიდველს ხდის ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა საწარმოს ოპერაციული სისტემების ეფექტიანობის ზრდა და კონკრეტული მიმართულებებით დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.

HR hubროგორ იკვეთება HR-ის როლი ფინანსურ საკითხებში?

ხშირად მეკითხებიან, რა არის წარმატების გასაღები? ან რა განაპირობებს წარმატებას? დამეთანხმებით, რომ რთულია კონკრეტული პასუხი გქონდეს, რადგან წარმატება  არის ბევრი ფაქტორების კომბინაცია, თუმცა 10 წელია ამ კითხვაზე მაქვს უცვლელი და კონკრეტული პასუხი, ეს არის ძლიერი კომუნიკაციის უნარი, რომელიც გულისხმობს პირადი ქსელის და არხის შექმნას, ე.წ. Strong Network-ის აშენებას. მსგავსი შინაარსის პასუხი შემიძლია გავცე HR-ის როლზე ფინანსურ საკითხებში. კერძოდ, თუ ტრადიციულად შევხედავთ, ეს არის ორი ძალიან განსხვავებული მიმართულება.  მაშინ, როდესაც HR არის კონცენტრირებული ადამიანური კაპიტალის სწორ განაწილებაზე, განვითარებასა და მართვაზე, ფინანსისტები, როგორც საწარმოს შემოსავლების მთავარი გენერატორები, ადამიანურ რესურსებს განიხილავენ როგორც საწარმოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანახარჯებს და შესაბამისად, მათ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული რესურსებით მაქსიმუმის მიღწევა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ტრადიციული მეთოდები ახლაც გამოიყენება, და ზუსტად ამ მნიშვნელოვან ნაწილში იკვეთება HR-ის კონტრიბუცია ბალანსის შექმნისა და დაცვის კუთხით. უფრო მეტიც, ტექნოლოგიური ექსპანსიის ეპოქაში სულ უფრო მეტად ვხვდებით ფინანსების და ადამიანური რესურსების რგოლების გადაკვეთას, მით უფრო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ BPS სერვისებზე, სადაც სერვისების  უმეტესობა დაკავშირებულია ფინანსისტების მიერ ადამიანური რესურსების სწორ, ეფექტიან მართვასა და მოწყობაზე.

HR hubრა შეგიძლიათ შესთავაზოთ ადამიანური რესურსების მენეჯერს?

ამ მიმართულებით Grant Thornton International-ს გააჩნია დიდი გამოცდილება. კერძოდ, ქსელის წევრი ფირმების მიერ შემუშავებულია სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. დიდი ბრიტანეთის, კანადის, შვედეთის, პოლონეთისა და დუბაის ოფისები სთავაზობენ ქლაუდზე დაფუძნებულ პლატფორმებს. ამ კუთხით ჩვენი ოფისიც ჩართულია და მათი გამოცდილების დანერგვა სამომავლო გეგმებთან არის დაკავშირებული.

HR hubრატომ უნდა გააკეთონ არჩევანი თქვენზე?

რატომ ჩვენ?!  –  საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგები და ყველაზე ძლიერები არის არაეთიკური, რადგან ამ ყველაფერზე მეტყველებს ჩვენი ბრენდის ისტორია და ამაზე საუბრობს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები.

თუმცა, მე მინდა მოკლედ ვისაუბრო კომპანიაში დანერგილ პრინციპებზე, მიდგომებსა და არსებულ სისტემებზე. ჩვენ, Grant Thornton-ში თამამად ვსაუბრობთ წარმატებულ და წარუმატებელ აუთსორსინგებზე, არ ვახდენთ სერვისების (მომხმარებლის) სეგრეგაციას შემოსავლებისა და საქმიანობების მიხედვით, რადგან კომპანიაში დანერგილი პროცესები გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული მომხმარებელი იყოს მუდამ პირველი.

რას ნიშნავს იყო პირველი?

პირველი ხარ, როდესაც პირველი იღებ ინფორმაციას დარგში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას დროულად და მიზანმიმართულად წარმართო შენი საქმიანობა.

პირველი ხარ, როდესაც კონსულტანტი (აუთსორსერი) იდენტურად იზიარებს შენს საქმინობას და მუდმივად ზრუნავს საქმიანობის ეფექტიანობაზე.

პირველი ხარ, როდესაც გრძნობ, რომ  კონსულტანტი, რომელიც ქმნის შენთვის სერვისს, არის პირველი ჩვენთვის.

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, რომ პირველობა როგორც შესაძლებლობა ბიზნესისთვის ხდება მოცემულობა ჩვენთან – Grant Thornton-თან სიახლოვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *