შემოგვიერთდით

,,პალიტრა ჯგუფის“ სოციალური პროექტი – “ისწავლე და იმუშავე”

“ისწავლე და იმ უშავე” – სწავლისა და დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობა სტუდენტებისთვის. ,,პალიტრა ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების დასაქმებაზე და შემდგომ მათ კარიერულ განვითარებაზე.

”პალიტრა ჯგუფი” წელს მესამედ ახორციელებს პროექტს ”ისწავლე და იმუშავე”. პროექტი მოიცავს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებას და ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ გაყიდვების ხელოვნებას.

პროფესიონალი გაყიდვების მენეჯრებისა და ტრენერების მიერ ჩატარებული თეორიული ლექციები, პალიტრა ჯგუფის გაყიდვების დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილების მიღება და შემდგომ დასაქმება, ეს ის უნიკალური შესაძლებლობაა, რასაც პროექტი სთავაზობს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

”პროექტის მესამე ნაკადის მიღება უკვე დაწყებულია. პირველი ორი ჯგუფი ძალიან საინტერესო შემადგენლობით გამოირჩეოდა. მათგან 4 მონაწილე პალიტრა ჯგუფში გაყიდვების მიმართულებით დასაქმდა. მინდა გითხრათ, რომ წელს მესამე ნაკადის მიღებაზე გამოხმაურებამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. პირველადი რეზიუმეების მიღება კიდევ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საბოლოოდ შეირჩევა 25 მონაწილე, რომლებიც ერთთვიან თეორიულ და ერთთვიან პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. მათგან საუკეთესოები კი ჩვენთან დასაქმდებიან” – განმარტავს ”პალიტრა ჯგუფის” HR დეპარტამენტის დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი.

სწავლება 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: გაყიდვების მენეჯმენტი, მოლაპარაკებების წარმოება, სარეკლამო გაყიდვები და კონტენტ მარკეტინგი. სასწავლო კურსს წარუძღვებიან როგორც ჰოლდინგში დასაქმებული წამყვანი სპეციალისტები, ისე მოწვეული ტრენერები. ერთ-ერთი მათგანია ”პალიტრა ჯგუფის” ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი თეა თაბაგარი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით გვესაუბრება:

”პირველი ორი ნაკადი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მესამე ნაკადიც წარმატებული იქნება, რადგან სტუდენტებს საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვთ ამ პროექტში მონაწილეობისთვის. ისინი გიავლიან კვალიფიციურ ტრეინინგებს, რომელიც დაფუძნებული იქნება, ძირითადად, პრაქტიკულ მაგალითებზე და არა მხოლოდ გაყიდვების ზოგად პრინციპებზე. საუკეთესო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენთან დასაქმდებიან, თუმცა ის ცოდნა, რასაც ისინი პროექტის განმავლობაში მიიღებენ, ძალინ მნიშვნელოვანია და დასაქმების პროცესს ამ თუ იმ კომპანიაში ნამდვილად გაუმარტივებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტი ორმხრივად პოზიტიურია, ერთის მხრივ,”პალიტრა ჯგუფისთვის”, სადაც საქმდებიან სათანადოდ მომზადებული კადრები და მეორე მხრივ, სტუდენტებისთვის, რომლებიც გაყიდვების მიმართულებით გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას აგროვებენ.“

პროექტი, რომელიც ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებაზეა ორიენტირებული, სოციალურ ხასიათს ატარებს.

”ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ახალგაზრდების დასაქმების კუთხით. ”პალიტრა ჯგუფის” აქტივობა ნამდვილად საინტერესო და დასაფასებელია. პროექტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დაიწყონ ნულიდან და ეტაპობრივად მიაღწიონ წარმატებას. ზოგადად, სტუდენტების განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის აუცილებელია მსგავსი პროექტები. სფეროც სწორადაა შერჩეული, რადგან დღეს დასაქმების ბაზარზე გაყიდვების მენეჯერებზე დიდი მოთხოვნაა. დღეს სტუდენტური დასაქმების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მოთხოვნა და მიწოდება ხშირად აცდენილია. საუნივერსიტეტო პროგრამები დამსაქმებლის მოთხოვნებთან თავსებადი არაა. ამიტომ პროფესიული განათლების თემა აქტუალური ხდება. კარგია, რომ სახელმწიფო ამ კუთხით აქტიურობს. პროექტი ”ისწავლე და იმუშავეც” ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია,” – ამბობს studentjobs.ge-სა და hrhub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი.

დაინტერესებულ პირებს პროექტში მონაწილეობისთვის რეზიუმეების ჩაბარება კიდევ 2 კვირის განმავლობაში შეუძლიათ. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: ჯგუფური/ინდივიდუალური გასაუბრებები და ტესტირება, რომელიც მოიცავს პიროვნული დამოკიდებულებისა და ზოგადი ინტელექტის გამოვლენას. საბოლოოდ შეირჩევა 25 მონაწილე, რომლებიც 2 თვიან კურსს გაივლიან. პროექტის დასრულების შემდეგ კი წარმატებული მონაწილეები ”პალიტრა ჯგუფშის” გაყიდვების დეპარტამენტში დასაქმდებიან.

წყარო: ambebi.ge 

ნანა მღებრიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *