შემოგვიერთდით

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კონფერენციაზე – “შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში”

თბილისში, „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ იმართება.

„პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს – შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ:

“სწრაფ პროგრესთან ერთად სულ უფრო მცირდება ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა. ეს არის გამოწვევა, რომელიც სასწრაფაო ზომების მიღებას საჭიროებს, რათა მომზადებული შევხვდეთ იმ პროცესებს, რომელიც თან ახლავს ციფრულ ეპოქას. უმუშვერობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა, რომელსაც კომპექსურად განვიხილავთ. დღეს აბსოლუტური პრიორიტეტია განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ ვართ ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ადამიანური კაპიტალი. ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტურიანი იქნება ოცდამეერთე საუკუნეში და ციფრულ ეპოქაში. ჩვენი ამოცანაა განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა დარწმუნებული ვართ რეფორმის შედეგად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ განათლება უნდა მოვარგოთ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება გლობალურ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და პროფესიონალები. ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ციფრული ეპოქა გამოიწვევს გარკვეულ პროფესიებში სამუშაო ადგილების შემცირებას, მაგრამ ამავე დროს იქნება აუცილებლად მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. მაგალითად მხოლოდ კიბერუსაფრთხოების დარგში უკვე დღეს მსოფლიოში არის დაახლოებით 3 მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება, რადგან არ ასებობენ ამის სპეციალისტები. სწორედ ასეთ პროფესიებზე იქნება მორგებული ჩვენი განათლების რეფორმა.”

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს „პროგრესული ალიანსის“ წევრი 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები.

კონფერენციასთან ერთად, ასევე იმართება „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილება.

„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს სოციალისტების, სოციალ-დემოკრატების, ასევე, სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად, ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *