შემოგვიერთდით

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 2 014 000 ლარია გამოყოფილი

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 აპრილის N182  დადგენილებით ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცდა.

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

პროგრამის დეტალების შესახებ გთავაზობთ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ქალბატონ მარი ბეზარაშვილის ინტერვიუს.

რას გულისხმობს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა?
ამ პროგრამას უკვე რამდენიმე წელია რაც სააგენტო ახორციელებს. გასულ წელს და წელსაც  ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 2 014 000 ლარი, რაც მოკლევადიან პროფესიულ მომზადება-გადამზადების კურსებს და სტაჟირების დაფინანსებას უზრუნველყოფს. 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 1805 ბენეფიციარი 68 მოთხოვნად პროფესიაში გადამზადდა. გასული წლის 15 დეკემბერს სწავლის დამთავრებისთანავე ჩავატარეთ დასაქმების ფორუმი, სადაც მომენტალურად 241 ადამიანი დასაქმდა. შემდეგ უკვე მონიტორინგის მიმდინარეობით დასაქმებულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. აღნიშნული კურსი, რომ შედეგზე ორიენტირებულია ამაზე სწორედ ეს რიცხვებიც მეტყველებს.

ვისთვის არის ეს პროგრამა?

ეს პროგრამა იმ კატეგორიისთვის არის განკუთვნილი ვინც ფლობს გარკვეულ უნარ-ჩვევებს, თუმცა დროთა განმავლობაში ამა თუ იმ მიზეზის გამო  დისკვალიფიკაცია განიცადა. ასაკი შეუზღუდავია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამით სარგებლობენ ხანდაზმული ადამიანებიც. ზუსტად ამ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადებით ხდება მათი ცოდნის განახლება, უახლესი ტექნოლოგიების შესწავლა და შესაბამისი სერტიფიკატების მიღება, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

მომზადება-გადამზადების პირველი ეტაპი წელს უკვე დაწყებულია. მეორე ეტაპი კი ოქტომბერში დაიწყება. პირველ ეტაპზე ჩართულია 31 პროფესიული სასწავლებელი როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო. მომზადება-გადამზადება წელს უკვე 93 მოთხოვნად პროფესიაში ხორციელდება. წელს უნდა განვახორციელოთ შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოვლინდება ყველაზე მოთხოვნადი,  შედეგზე ორიენტირებული და ზუსტად დამსაქმებლის გამოკითხვაზე დაფუძნებული პროფესიები.

როდის დაიწყება მომზადება-გადამზადების პროგრამაზე მიღება?

იმ ადამიანებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი აწვდის ინფორმაციას მომზადება-გადამზადების პროგრამის დაწყების შესახებ. სმს გზავნილები მეორე ეტაპის დაწყების დასაანონსებლად სექტემბრის ბოლოდან დაიგზავნება. ყველა მსურველს შეეძლება დარეგისტრირება. რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით 69 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, იქ სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებია.

რას გულისხმობს  სტაჟირების პროგრამა?

სტაჟირება მომზადება-გადამზადებისგან დამოუკიდებლად ხორციელდება.  დამსაქმებლებმა უნდა მოგვაწოდონ განაცხადი, თუკი სურთ, რომ მათ დაწესებულებაში  სტაჟირება გაიაროს  ერმა ან რამდენიმე პირმა. სააგენტოს მთავარი პირობა დამსაქმებლებთან შემდეგია – მათ კომპანიაში მინიმუმ ერთი ადამიანი გრძელვადიანად უნდა დაასაქმონ, სულ მცირე 6 თვის პერიოდით.

ანაზღაურებადია თუ არა სტაჟირების ეს პროგრამა?

სტაჟირების განმავლობაში ბენეფიციარს პირად ანგარიშზე სტიპენდიის სახით 150 ლარი ერიცხება. სტიპენდია არ იბეგრება. ეს არის ფაქტიურად გზის ხარჯი, რომ სტაჟიორი მივიდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია მინიმუმ ერთიდან სამ თვემდე ვადით და დახელოვნდეს ამა თუ იმ პროფესიაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გამოცდილებით, 10-დან საშუალოდ 4-5 ადამიანს სტაჟირების კურსის გავლის შემდეგ იტოვებენ სამუშაო ადგილზე. ამაში ჩვენ არ ვერევით. სავალდებულო მოთხოვნა მხოლოდ ერთი ადამიანის დასაქმებას ეხება.

პროგრამა ძალიან წარმატებულად მუშაობს. წელს უკვე 22 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული სტაჟირებაზე ჩვენთან და 117 სამუშაოს მაძიებელი გადის ამ ეტაპისთვის სტაჟირებას. მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფის ბენეფიციარები.

რა პროცედურები უნდა გაიაროს დამსაქმებელმა პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში?

სტაჟირების გასაფორმებლად დამსაქმებელმა უნდა მოგვაკითხოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს  მისამართზე- ივ. ჯავახიშვილის ქ. N51-ში, ასევე  ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიაკითხონ სააგენტოს სერვის-ცენტრებს საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით. კომპანიამ განაცხადი უნდა გააკეთოს, თუ რამდენი ადამიანი სჭირდება. დამსაქმებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა ნებისმიერ სერვისზე. ნდობის ფაქტორი და ხარისხი სააგენტოს მიმართ გაიზარდა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი დამსაქმებელი რეგისტრირდება worknet.gov.ge-ზე.

აუცილებლად უნდა იცოდეს დამსაქმებელმა და სამუშაოს მაძიებელმაც, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომსახურება უფასოა. ჩვენ შეგვიძლია დამსაქმებლებს შესარჩევი კონკურსებიც მოვუწყოთ, რომ მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი კადრი შევარჩიოთ.

გვყავს მონიტორინგის ჯგუფი. ისინი სისტემატურად მიდიან დამსაქმებელთან და ადგილზე ეცნობიან ვითარებას, რათა დაცული იყოს როგორც ბენეფიციარის უფლება, ასევე დამსაქმებლის მოთხოვნები. სტაჟირების მსურველებიც უნდა დარეგისტრირდნენ worknet.gov.ge-ზე (რეგისტრაცია უფასოა).

რას გვეტყვით სუბსიდირების პროგრამის შესახებ?

რაც შეეხება სუბსიდირებას ეს ცალკე უნიკალური პროგრამაა. შრომის ანაზღაურების სუბსიდირების პროგრამით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50%-იანი  დაფინანსებით, არაუმეტეს  460 ლარისა). სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 თვისა. აღნიშნული პროგრამა ემსახურება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობას.

რამდენი დამსაქმებელი სარგებლობს ამ პროგრამით მისი ამოქმედებიდან დღემდე? 

სუბსიდირებაში 2017 წელს უკვე ჩართულია 9 დამსაქმებელი და 35 ბენეფიციარი (შშმპ). აქაც საჭიროა დამსაქმებლის  განაცხადი.  საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ ადაპტირებული გარემო. დამსაქმებელი ინფორმირებული უნდა იყოს იმ საჭიროებებზე, რომელიც ბენეფიციარს შეიძლება აღმოაჩნდეს. ჩვენ გვყავს ჯობ-ქოუჩები ანუ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები. ჯობ- ქოუჩები  წინასწარ მიდიან კომპანიაში, ამზადებენ დამსაქმებელსაც, სწავლობენ გარემოსაც, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა თავი უცხოდ არ იგრძნონ, ზედმიწევნით მიზანმიმართულად არგებენ შშმ პირს დამსაქმებელს და გარემოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველდღიურად იზრდება როგორც სტაჟირების, ასევე სუბსიდირების პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პროექტის საჭიროებაზე და მნიშვნელობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *