შემოგვიერთდით

პროფესიული ორიენტაცია – არის ის საქმე, რომელიც მიყვარს?

ახლა ის პერიოდია, როდესაც აბიტურიენტები ირჩევენ რომელ უნივერისტეტში ჩააბარონ, შეარჩიონ მომავალი პროფესია.

მოზარდის მიერ, სწორედ იმ პროფესიის არჩევას, რაც მას აინტერესებს, ეხერხება, უყვარს და, ამავე დროს, დარწმუნებულია მის მიერ არჩეული პროფესიის სისწორეში, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მისი მომავალი კარიერისთვის, არამედ გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი, როგორც ადამიანის, საბოლოოდ ჩამოყალიბებაში.

სწორად შერჩეული პროფესიის შემთხევევაში მას შეუძლია მაქსიმალურად გამოავლინოს ნიჭი და შესაძლებლობები ამავე დროს, პროფესიის სიყვარული ხელს უწყობს საქმის კიდევ უფრო კარგად დაუფლებას.

მომავალი პროფესიის შერჩევის დროს აუცილბლად გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნები პროფესიების მიხედვით.

მაგრამ რა ხდება ჩვენს რეალობაში? ახალგაზრდები პროფესიას ძირითადად მშობლების რჩევის საფუძველზე ირჩევენ. მაგრამ აქვთ მათ ზუსტი ინფორმაცია, რაც სწორ რჩევას, გადაწყვეტილებას განაპირობებს?!

სწორი პროფორიენტაციის შერჩევაში მნიშვნელოვანი უნდა იყოს მასწავლებლის როლიც. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები, რადგან უამისოდ აზრი არ აქვს პროფესიის შერჩევას. მოზარდისგან პროფესიონალი მაშინ დადგება, როცა მას სიამოვნებას მიანიჭებს არჩეული პროფესია.

ამა თუ იმ პროფესიისადმი ინტერესის გამომუშავება ხდება არა ერთბაშად, არამედ დროთა განმავლობაში. მასზე ზეგავლენას ახდენს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბუნებისმეტყველებისა და ზოგი სხვა თეორიული საგნის სწავლება, სკოლის გარეშე ღონისძიებები და სხვა. აგრეთვე ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციები. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უკვე საერთო წარმოდგენა ექნება რომელიმე ან რამდენიმე პროფესიაზე და მათ საჭიროებაზე შრომის ბაზარზე.

ეს დიდი და სახელმწიფოებრივი საქმე სისტემატურად და გეგმაზომიერად უნდა კეთდებოდეს სკოლაში. ეს პირველი კლასიდანვე უნდა დაიწყოს და არა ისე, როგორც ხშირად ხდება – სკოლის დამთავრებისას.

რაც უფრო ადრე ექნებათ მოსწავლეებს წარმოდგენა არჩეულ პროფესიაზე, მით უფრო სახალისო და შედეგიანი იქნება მათი სწავლა.

კარგი იქნებოდა თუ:

  • სკოლებში და კომპანიებშიც შემუშავდება პროფორიენტაციის სპეციალური სამუშაო გეგმა;
  • ინდივიდუალურად შეისწავლიან მოსწავლეების ინტერესებსა და მიდრეკილებებს;
  • გაიმართება პროფორიენტაციაზე მასწავლებლების სასწავლო-კონსულტაციები;
  • ამ საქმეში მედია საშუალებების როლი დიდია, რათა გაიზარდოს ნაკლებად პოპულარული თუმცა საჭირო პროფესიებისადმი ცნობადობა;
  • მოწავლეებთან და მათ მშობლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების, საუბრების, ლექციების ჩატარება სპეციალურად შერჩეულ თემებზე;
  • სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანების მოწვევა და საუბარი პროფესიების პრაქტიკულ მხარეებზე;
  • პროფორიენტაციის კუთხეების, თემატური გამოფენების მოწყობა;
  • ე.წ წრეების შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან საერთო პროფესიული ინტერესის მქონე მოსწავლეები.

ჩვენი რეალობა ასეთია, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უმრავლესობას არ აქვს არჩეული პროფესია და მათი მიზანი მხოლოდ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაა. მაშინ როდესაც არის დარგები, სადაც ადამიანური რესურსების დეფიციტია. ახალგაზრდებს თავისი მომავალი პროფესიის, მომავალი საქმიანობის ორიენტაცია არ გააჩნიათ.

აქედან გამომდინარე,  სკოლის მოსწავლეების პროფორიენტაციისთვის საჭიროა:

  • მომზადდეს კვალიფციური პროფორიენტატორები, რომლებსაც შეეძლებათ უხელმძღვანელონ ამ დიდ საქმეს და სკოლებშივე მიმართულება მისცენ მოსწავლეების პროფორიენტაცას;
  • ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების დანერგვა სკოლებში და მათი სისტემატიური გამოყენება;
  • საპროფორიენტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებისთვის მიზანშეწონილია შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი ან ეს საქმე რომელიმე დაკავშირებულმა უწყებამ ჩაიბაროს;
  • კარგი იქნება თუ მომზადდება მოსწავლეების საპროფორიენტაციო სახელმღძვანელო ან დროებითი ცნობარი. მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები;
  • ვეძებოთ მუშაობის ახალი ფორმები და მეთოდები, გზები და საშუალებები, რადგან უფრო შედეგიანი გავხადოთ მოსწავლეების პროფორიენტაცია.

თუ იმ პროფესიების წინ წამომწევა მოხდება, რომელზე მოთხოვნაც აქვთ დამსაქმებლებს მივიღებთ გაუმჯობესებულ დასაქმების მაჩენებელს, კმაყოფილ დასაქმებულს, დამსაქმებელს და მზარდ ეკონომიკას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *