შემოგვიერთდით

ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

19 სექტმბერს, სოლიდარობის ქსელის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტთან 7 საათზე ადამიანები ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით შეიკრიბებიან.
“ჩვენ ისე ვართ მიჩვეული 50, 60, 70 სამუშაო საათიან კვირას, რომ ეს ნორმალურად გვეჩვენება. შევეგუეთ.

– დასაქმებულთა უმრავლესობამ, არც ვიცით, თუ რამდენი საათით მეტს ვიმუშავებთ ყოველდღიურად;
– რამდენს გადაგვიხდიან ამისთვის;
– საერთოდ, თუ გადაგვიხდიან;
– ექნება თუ არა ამას მუდმივი ხასიათი;
– ვინ დაგვიფასებს ზედმეტ შრომას?
– როდემდე გვამუშავებენ ზედმეტს იმის გამო, რომ ჩვენი სამუშაო ადგილი 24 საათიანია?
– როდემდე გვამუშავებენ ზეგანაკვეთურად იმ მიზეზით, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია?
– როდემდე დაგვარწმუნებენ, რომ მუდმივი ზეგანაკვეთური შრომა კანონიერია?
– როდემდე ვიმუშავებთ უფასოდ იმისთვის, რომ სხვა გამდიდრდეს ჩვენი შრომით?

40 საათი, საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის საკმარის სამუშაო დროდ. ხოლო ზეგანაკვეთური შრომა იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს.

საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა, გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად – ‘სპეციფიური კატეგორია’ (48 საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა) რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ კვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ.

ამასთან ერთად, შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს, შედეგად კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს.

ჩვენ ვითხოვთ 40 საათიან სამუშაო კვირას ყველასთვის!

რაც კანონშია, მაგრამ არ სრულდება:
– სამუშაო კვირა შეადგენდეს 40 საათს;
– ყოველჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური შრომა);

დამატებითი საკითხები, რაც შრომის კოდექსში უნდა ჩაიწეროს: 
– დაიწყოს ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა;
– მოხდეს ზეგაკანვეთური სამუშაოს ტარიფის განსაზღვრა და ის შეადგენდეს 1.5 -ს;
– გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა;

რატომ?
ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა, ვიმუშაოთ 8 საათი, დავისვენოთ 8 საათი, ვაკეთოთ რაც გვინდა 8 საათი!
გავერთიანდეთ უკეთესი სამუშაო პირობებისთვის. რადგან ერთად ჩვენ მოვთხოვთ, ცალ-ცალკე – ვთხოვთ!” – წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *