შემოგვიერთდით

რატომ არაა საკმარისი მხოლოდ ტალანტი წარმატების მისაღწევად

თანამედროვე ტრენდებისა და შეხედულებების მიხედვით, მხოლოდ ნიჭიერი თანამშრომლები ან ერთეული ტალანტი არ არის საკმარისი ხანგრძლივ პერსპექტივაში წარმატების მისაღწევად. ჟურნალისტისა და „Black Box Thinking”-ის ავტორის, მეთიუ საიდის რჩევით, ორგანიზაციებმა უნდა გაიაზრონ, რომ ტალანტს თან უნდა ახლდეს ზრდისკენ სწრაფვა, რადგან ჩაკეტილი ან სტერეოტიპული აზროვნება დღევანდელ ბიზნეს სფეროში წარუმატებლობის გარანტია.

დასაქმებისა და დაქირავების 2017 წლის ფორუმზე (TREC) მეთიუ საიდმა თავისი გენიალური გამოსვლა მიუძღვნა გავრცელებული სტერეოტიპის დამსხვრევას, რომლის თანახმადაც საუკეთესო ტალანტის დაქირავება არის მთავარი, ან მეტიც, ერთადერთი რეალური ფაქტორი ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურის შესაქმნელად. საპირისპიროდ, კომპანიებმა უნდა გაიაზრონ, რომ დღევანდელ კომპლექსურ და მრავალი ცვლადით დატვირთულ სამყაროში ტალანტი, როგორც ცალკე აღებული მახასიათებელი, მხოლოდ ერთ-ერთი კრიტიკული კომპონენტია წარმატების მისაღწევად.

 „როგორც აღმოჩნდა, ნიჭიერებასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებს შორის უარყოფითი კორელაციაა,  როდესაც ადამიანს ჩაკეტილი ან მცდარი აზროვნების სტრუქტურა აქვს“ – აცხადებს საიდი.

ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა აზროვნების ღია, ზრდაზე ორიენტირებული სტრუქტურისა და ე.წ. „ინტელექტუალური თავმდაბლობის“ მნიშვნელოვნებას კომპლექსურ პირობებში გადარჩენისთვის. „ამ ოთახში არავინაა საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ მითხრას, თუ რა სტრატეგიები იქნება საჭირო წარმატების მისაღწევად ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ არა იმიტომ, რომ თქვენ საკმარისად ჭკვიანები ან ნიჭიერები არ ხართ, არამედ იმიტომ, რომ სამყარო წარმოუდგენლად კომპლექსურია“ – მიმართა ჟურნალისტმა პუბლიკას.

საიდის აზრით, დიდი მიზნესის მიღწევა სულაც არ გულისხმობს საკუთარი ნიჭიერებით ტკბობასა და არსებულით დაკმაყოფილებას, ამგვარ ქმედებებს მხოლოდ ჭაობისკენ მივყავართ. ის, რაც რეალურად ფასეულია, არის ყოვედღიური ძიება, სწავლა და იმ მხარეების განვითარება, რაშიც მოვისუსტებთ. როგორი ექსპერტიც არ უნდა იყოთ გარკვეულ სფეროში, დღევანდელ კომპლექსურ სამყაროში, შესაძლოა, თქვენი აზრი რეალობის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდეს.

მიუხედავად ამისა, საიდმა მიუთითა აღსრულების პროცესის თავისებურებებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც უშუალოდ საქმის კეთების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კომპანია პირდაპირ ეყრდნობა დაქირავებული ადამიანის ტალანტს. მაგალითად, ქირურგი, რომელიც ოპერაციას ატარებს, მხოლოდ თავისი ნიჭიერებითა და გამოცდილებითაა ღირებული იმ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ მეორე მხრივ, შეფასებისა და განვლილის გაანალიზების ეტაპზე, როდესაც მიმდინარეობს ახალი სტრატეგიების შემუშავება, არსებულების შეცვლა ან გაუქმება, საჭიროა უფრო ფართო დაკვირვება, არასრულფასოვანი დეტალების შემჩნევა და აღმოფხვრა, „ინტელექტუალური თავმდაბლობა“.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrmagazine.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *