შემოგვიერთდით

რატომ უნდა ავიყვანოთ სამსახურში მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არსებულ კულტურას ერგებიან

რა არის აუცილებელი წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაში უამრავი ცვლადი მონაწილეობს, დღევნადელი წარმატებული CEO-ები თუ ექსპერტები უმთავრეს კრიტერიუმად მაინც კომპანიის კულტურას ასახელებენ – „შექმენით ძლიერი და გასაგები კორპორატიული კულტურა და თქვენი ბიზნესი გაიზრდება“. მაგალითად, LinkedIn-ის აღმასრულებელი ოფიცერი რეიდ ჰოფმანი თავის პოდკასტში ამბობს: „ჭეშმარიტად ძლიერი კულტურა ყალიბდება მაშინ, როდესაც ყველა, CEO-დან დამლაგებლამდე, თვლის, რომ ეს კულტურა მისი პიროვნებიდან და აზროვნებიდან მოდის, როდესაც ყველაფერი გასაგები და ხელმისაწვდომია“. ძლიერი კულტურის შენება ბიზნესის საფუძვლებშივე იწყება, რაც უფრო მცირეა სტაფის რაოდენობა, მით უფრო მარტივია ერთიანი იდეოლოგიის შექმნა და გატარება, ხოლო უფრო გვიან პერიოდებში, კულტურის ძლიერების გარანტი უკვე სწორი პერსონალის შერჩევა ხდება.

“ნეტლფიქსის” აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი ინტერვიუებში ხშირად იმეორებს, რომ მისი კომპანიის მთავარი კოზირი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და ადაპტაციის უნარის მქონე ადამიანები არიან, რაც ცხადია, თავად ამ კომპანიის კულტურიდან გამომდინარეობს და მასვე წარმოადგენს. ჰასტინგსის აზრით ეს იმდენად დელიკატური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ „ბორტზე არასწორი ადამიანების აშვებით“ შეიძლება, კულტურა საერთოდ დავასამაროთ. თუმცა, მეორე მხრივ, როგორ უნდა ავარჩიოთ სწორი ხალხი სწრაფად და დიდი რაოდენობით დღევანდელ ქაოტურ სამყაროში? ამისთვის რამდენიმე რჩევის მოცემაა შესაძლებელი:

  1. აუხსენით კომპანიის კულტურა აპლიკანტს

“ნეტლფიქსს” კომპანიის კულტურა საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული და იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია. დოკუმენტში ნათლად და დაუფარავად არის წარმოდგენილი კომპანიის საყრდენი იდეები, მიზნები, შესაძლებლობები და ყოველდღიურობის დამახასიათებელი დეტალებიც კი. ამგვარი დოკუმენტის არსებობა ნეტფლიქსში მუშაობის მსურველებს ორ ნაწილად ჰყოფს: ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით გახდებოდნენ ამგვარი კულტურის ნაწილი და ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ღირებულებები არაფერს წარმოადგენს. შედეგად კი აპლიკანტთა სია საგრძნობლად მცირდება არასწორი ადამიანის აყვანის საშიშროებასთან ერთად.

  1. გამოარკვიეთ აპლიკანტის პიროვნული თვისებები

როგორც აღვნიშნეთ, კულტურის შენარჩუნებისთვის მთავარ საფრთხეს პერსონალის არასწორი შერჩევა წარმოადგენს. მაგრამ, რას ნიშნავს არასწორი შერჩევა? საქმე ისაა, რომ დამქირავებელი პირველ რიგში აპლიკანტის პიროვნულ თვისებებს, ხასიათსა და მსოფლმხედველობას უნდა იკვლევდეს და მხოლოდ შემდეგ ინტერესდებოდეს მისი კვალიფიკაციითა და დიპლომებით – გვირჩევს LinkedIn-ის ჯეფ უეინერი. მიზეზი გასაგებია, რაში გვჭირდება ძალიან კვალიფიციური ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენი კომპანია უაზრო ღირებულებებზე დგას?

  1. გუნდი რასობრივად თუ კულტურულად განსხვავებული ადამიანებისგან შეადგინეთ

ბიზნესის მთავარი საფუძველი ალბათ ისაა, რომ შექმნილი პროდუქტი ღირებული მომხმარებლისთვის უნდა იყოს და არა მწარმოებლისთვის. სტაფის შედგენა ამ გამოთქმას გარკვეულწილად ერგება. დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში, მითუმეტეს კი ბიზნესში, საზღვრებისა და რასობრივი დისკრიმინაციის ადგილი უბრალოდ არ არის. სწორედ ამიტომ, Walker&Company-ს CEO ტრისტან უოლკერი გვირჩევს, რომ ჩვენი გუნდი რასობრივად თუ კულტურულად განსხვავებული ადამიანებისგან შევადგინოთ, რომლებიც თავის მხრივ განსხვავებული კულტურებიდან მოდიან და შესაძლოა, უკეთ ერკვეოდნენ კონკრეტულ გეოგრაფიულ ან დემოგრაფიულ საკითხებში. ამგვარი დივერსიფიკაცია კომპანიას აძლევს ინოვაციისა და სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნის საშუალებას.

რატი წიკლაური

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *