შემოგვიერთდით

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებისთვის?

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებისთვის? რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია.

2018 წლის მანძილზე 200-ზე მეტი საჯარო მოხელე გაივლის ტრენინგს პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის საკითხებში. ტრენინგის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითა და ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობა ღია და პასუხისმგებლიანი მთავრობის საწინდარია, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პრიორიტეტი.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დონორებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობებში, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროექტი ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებს და პასუხობს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის ექვსი მიმართულებიდან სამს:

პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მთავრობას პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში, მონიტორინგისა და შეფასების ძლიერი ინსტრუმენტების შემოღებაში.

ადამიანური რესურსების მართვა და კანონი საჯარო სამსახურზე: მხარს ვუჭერთ კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნას, ერთიან სტანდარტზე მორგებულ ტრენინგების/სასწავლო კურსების სისტემის შემოღებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა და დავების მოგვარების მედიაციაზე დაფუძნებულ მექანიზმების დანერგვას საჯარო სამსახურში.

სახელმწიფო სერვისების მიწოდება: ჩვენს მხარს ვუჭერთ სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, მომსახურების მიწოდების ინოვაციური მოდელების შემოღებას, რომლებიც დაფუძნებულია თანმიმდევრულ მეთოდოლოგიაზე, ეხმიანება მოქალაქეების საჭიროებებსა და მოსაზრებებს. ამ კომპონენტში დაგეგმილია კომპეტენციის ცენტრის დაარსება, რომელიც ხელს შეუწყობს ანალოგიური განვითარების კონტექსტის მქონე ქვეყნებთან წარმატებული რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

პროექტი ხორციელდება მმართველობის რეფორმის ფონდის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *