შემოგვიერთდით

რა ბენეფიტები აბედნიერებთ ახალგაზრდებს სამსახურში?

ბოლო დროინდელი კვლევების მიხედვით, ყველაზე მეტად დემოტივირებული 20 წლის ადამიანები არიან. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 33%-მა მოტივაციის ნაკლებობის მიზეზად Work-Life ბალანსი დაასახელა, 25%-ზე მეტი სტრესს უჩივის, ხოლო სამსახურებრივ დაძაბულობასა და ბიუროკრატიას გამოკითხულთა 20-20% ასახელებს მთავარ დემოტივატორებად.

თაობა Z, რომელსაც 2000 წლის ფარგლებში დაბადებული ადამიანები შეადგენენ, სწორედ ის თაობაა, რომელიც ამჟამად 20 წლისაა, ან რამდენიმე წელში მიაღწევს ამ ასაკს. მათი საშუალო კმაყოფილება სამსახურთან მიმართებით დაახლოებთ 5.9 ქულაა 10-დან. დემოტივაციის მიზეზებად ასევე სახელდება ზოგადი სტრესი და გაურკვევლობა საკუთარი როლის მიმართ. საპირისპიროდ, ყველაზე მოტივირებული ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც კვლევამ გამოავლინა, 50 წლის  ადამიანები არიან. მათი სამსახურეობრივი კმაყოფილება 7.7/10 ქულაა. უცნაურია, რატომ უნდა იყოს თითქმის პენსიონერი ადამიანი უფრო ბედნიერი საკუთარი სამსახურით, ვიდრე ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე თინეიჯერი? როგორც ჩანს, შუახნის ასაკს გადაცელილი თანამშრომლები აქტიურად იყენებენ მოქნილ სამუშაო გრაფიკებს, აქვთ მეტად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, მოწესრიგებული პირადი და კარიერული ცხოვრება. გარდა ამისა, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად ერთხმად დაასახელეს სწავლისა და განვითარების საშუალებაც.

გარდა ამისა, კვლევამ, რომელიც 20-65 წლის 2000 რესპოდენტისგან შედგებოდა, აჩვენა, რომ დაოჯახებული ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს სამსახურში, ვიდრე ახალგაზრდები, მათი კოეფიციენტი დაახლოებით 6.7/10 ქულაა.

და მაინც, რა იწვევს დემოტივაციას, ან რა ფაქტორები განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას სამსახურში? კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი მოტივატორი მაინც მოქნილი სამუშაო გრაფიკია, რომელიც სასურველ ბენეფიტად გამოკითხულთა 67%-მა დაასახელა. შემდეგ მოდის გამოწვევებით სავსე და მრავალფეროვანი სამუშაო გარემო(46%), ხოლო ბოლო ადგილს იკავებს თავისუფალი ნებისა და გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი 44%-ით, რომელიც ბევრად უფრო მაღალია დასაქმებული დედების სეგმენტში.

რაც ყველაზე გასაკვირია, ხელფასები, დაბადების დღის „დეი ოფები“ და დაწინაურების პოტენციალიც კი არ აღმოჩნდა იმდენად დიდი მოტივატორი, თითოეულმა ფაქტორმა გამოკითხულთა 30%-ზე ნაკლები ხმა მიიღო. გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა, ხელფასი ბევრად მაღალი მოტივატორი აღმოჩენილიყო, მაგრამ თავისუფლების ხარისხი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი ჩვენთვისაც დიდი ტკივილია. HR მენეჯერებმა და უშუალო ხელმძღვანელებმა კარგი იქნებოდა დაუშვან, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს მაშინ და იქ, სადაც თვითონ ურჩევნია იმ შემთხვევაში(!), თუ საქმის სპეციფიკა ამის საშუალებას იძლევა. თუმცა, ამ მხრივ ინოვატორები ჯერჯერობით არ გავმხდარვართ.

რაც შეეხება დემოტივატორებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Work-Life ბალანსი ყველაზე მტკივნეული თემაა, რომელიც გამოკითხულთა 33%-მა დაასახელა. მას მოჰყვება დისტანციურად მუშაობის შეუძლებლობა(26%) და სამსახურეობრივი გაურკვევლობები(25%). სტრესი, სამუშაო გარემოს დაძაბულობა და მსგავსი საკითხები, ჩვეულად 20%-ის ფარგლებში ფიგურირებენ.

და მაინც, როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს სამსახურში უფრო ბედნიერები გახდნენ? ყველაზე მთავარი პრობლემა, ასაკობრივი განსხვავებაა. HR მენჯრები ახალგაზრდებს ისეთ მოტივატორებს აწვდიან, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასურველად და ოპტიმალურად. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა, რომლის მიცემაც HR-ისთვის შეგვიძლია, არის – მოუსმინეთ თქვენს ახალგაზრდა თანამშრომლებს და მიუდექით ინდივიდუალურად. შედეგი გაგაოცებთ!

რატი წიკლაური

წყარო: www.hrnews.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *