შემოგვიერთდით

რა თვისებები და უნარებია საჭირო HR სფეროში წარმატების მისაღწევად?

არნახული სისწრაფით განვითარებად ბიზნეს სამყაროში, HR სფეროს როლი და ფუნქცია კომპანიის საქმიანობაში მუდმივად იცვლება. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს არა მხოლოდ ვაკანსიების გამოცხადება და ბიზნესში საჭირო ადამიანების შერჩევა, არამედ კომპანიის სტრატეგიული განვითარების სადარაჯოზე დგომაც მოეთხოვება. შესაბამისად, HR მენეჯერისათვის საჭირო უნარ-ჩვევები ტრადიციულ „კადრების განყოფილებისთვის“ დამახასიათებელ უნარებს დიდი ხანია გასცდა და ახალი, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნებას მოითხოვს.

აღნიშნული ცვლილებებისა და საბაზრო კონკურენციის ფონზე, HR-ბისთვის განსაკუთრებული მომზადება და სიფრთხილეა საჭირო. თანამედროვე ბიზნესები ამ სფეროსგან სულ უფრო და უფრო მეტს ელიან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა ტრადიციული, რეკრუტმენტით შემოფარგლული ფუნქციისა, დღევანდელი ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტი მოიცავს ორგანიზაციული კულტურის შექმნასა და გავრცელებას, თანამშრომლების შენარჩუნებასა და ინგეიჯმენთის დონის აწევას.

მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაზრდასთან ერთად, საჭირო ხდება უფრო მეტად დაფიქრდეთ, რა კონკრეტული უნარების განვითარება გჭირდებათ  HR სფეროში წარმატების მისაღწევად.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული პროფესიონალების რჩევებს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა თვისებები და უნარები უნდა ქონდეთ, თუ წარმატებული HR მენეჯერის კარიერა გსურთ:

განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები

ეფექტური და წარმატებულმა HR მენეჯერებმა ყოველთვის ზუსტად იციან, რომელი საქმე, პროექტი თუ პრობლემა უნდა იყოს პრიორიტეტული დროისა თუ ფინანსური რესურსის გამოყენების თვალსაზრისით. შესაბამისად, აუცილებელია ყოველდღიური შესასრულებელი სამუშაოებისა დ ამოცანების სიის შედგენა, სადაც დაალაგებთ შესასრულებელ დავალებებს, რომელთა პრიორიტეტებიც, მეორე მხრივ, გამომდინარეობს კომპანიის არსებული კულტურისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ნაირსახეობიდან. მაგალითად, რეკრუტმენტის პროცესში პრიორიტიზირება გულისხმობს ისეთი კანდიდატების შერჩევასა და ყურადღების დათმობას, რომლებიც ბუნებრივად ერწყმიან კომპანიის ძირეულ ფასეულობებს.

ორგანიზება უპირველეს ყოვლისა!

წარმატებული ლიდერები ყოველთვის წინასწარ დეტალურად განსაზღვრული გეგმით ხელმძღვანელობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრეატივისთვის თქვენს სფეროში ადგილი არ უნდა დარჩეს, მაგრამ პროექტების წინასწარ დაგეგმვა და ორგანიზება დაგეხმარებათ მუდმივად აკონტროლოთ, რა ეტაპზეა საქმე ან როგორი განვითარებაა მოსალოდნელი. ისევ რეკრუტმენტის მაგალითზე რომ განვიხილოთ, საწყის ეტაპებზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაზღვრული გქონდეთ ინტერვიუზე დასასმელი შეკითხვები, სპეციფიკური დოკუმენტები, ხელშეკრულების ფორმები და ა.შ.

მიუდექით საქმეს შემოქმეთებითად

განსაკუთრებული ლიდერები, როგორც ერთ დროს ეფლის დამაარსებელმა აღნიშნა, ყოველთვის ჩარჩოების გარეშე აზროვნებენ. რამდენადაც მნიშვნელოვანია წინასწარ არსებული შაბლონი და წესრიგის დაცვა, კრეატიული და განსხვავებული აზროვნება ყოველთვის მისასალმებელია. მაგალითად, ვაკანსიების გამოცხადებისა და გაპიარების ეტაპზე ახალი და განსხვავებული გზის მოფიქრებითა და შეთავაზებით, შესაძლოა მთლიანი ბაზარზე არსებული ტალანტი თქვენს კომპანიაში მიიზიდოთ, მაშინ, როცა თქვენი კონკურენტები ტრადიციული გზას მიჰყვებიან.

იურთიერთეთ თქვენს თანამშრომლებთან

ღია და ნდობაზე დაყრდნობილი ურთიერთობები ყოველთვის დიდ როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში. შესაბამისად, თქვენს თანამშრომლებთან უშუალო და ურთიერთგაგებაზე აგებული ურთიერთობები ყოველთვის დაგეხმარებათ ძლიერი კულტურის შექმნაში. გარდა ამისა, HR პროფესიონალისგან წამოსული ამგვარი ინიციატივა, მთლიან გუნდში შექმნის ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ნიადაგს.

 

არასდროს შეწყვიტოთ განვითარება

წარმატებული პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება, რომელსაც თავადაც განსაკუთრებით აღნიშნავენ, სწავლის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. კარიერული და პიროვნული წარმატების მისაღწევად მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრება არ კმარა, საჭიროა სწავლა და განვითარება თქვენი ცხოვრების მუდმივ მეგზურად გაიხადოთ. ამას გარდა, ასეთ სწრაფსა და კომპლექსურ სამყაროში, სადაც ინოვაციური მიღწევა შესაძლოა, ხვალ უკვე მოძველებულ იდეად იქცეს, საკუთარი შესაძლებლობის განახლება, განვითარება და თანამედროვე ტრენდებზე მორგება ვიტალურად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არ უნდა შეუშინდეთ წარუმატებლობას, რადგან ეს კიდევ ერთი მოცემული შანსია სწორი გზის აღმოსაჩენად.

ისწავლეთ მოსმენა

HR სფეროში უამრავი განსხვავებული მენტალიტეტის, შეხედულების, მსოფლმხედველობის ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, რაც ნამდვილი გამოცდა იქნება თქვენი მოსმენისა და გააზრების უნარების. ეცადეთ, ყველა ადამიანის აზრს თანაბარი ინტერესითა და კრიტიკული ანალიზით მიუდგეთ, გაიაზროთ მათი პოზიცია და შესთავაზოთ თქვენი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უგულებელჰყოთ!

წაახალისეთ ინოვაციური იდეები

გამომდინარე იქიდან, რომ HR-ის როლი დღევანდელ ბიზნეს სამყაროში სტრატეგიულ მენეჯმენტსა და ხანგრძლივ პერსპექტივასაც მოიცავს, მხოლოდ თქვენი უფროსის ხედვით სიარული საკმარისი არ არის. საჭიროა თავად აიღოთ რისკები თქვენს თავზე და სცადოთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ყოველთვის წარმატებით არ დასრულდება, მაგრამ კომპანიისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

რატი წიკლაური

წყარო: www.hrinasia.com

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *