შემოგვიერთდით

რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სახელფასო დანამატი საჯარო სექტორში?

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც პრემია-დანამატის ფორმას ეხება.

„დღევანდელი მდგომარეობით არცერთი კანონი არ ითვალისწინებდა პრემია-დანამატების ზღვარს. სწორედ ეს ზღვარი შემოაქვს ახალ კანონს. წლიური ანაზღაურების 20%-იანი ზღვრის ფარგლებში შეიძლება მოხელეს ზეგანაკვეთური შრომისა და დამატებითი ფუნქციური დატვირთვისთვის მიეცეს დანამატი. ხოლო რაც შეეხება ფულად ჯილდოს, ეს იქნება შეფასების შედეგებიდან გამომდინარე წლიური ხელფასის 10%-იანი ზღვრის ფარგლებში”, – განმარტავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.

საჯარო მოხელის სათანადო ანაზღაურება განისაზღვრება სრულ განაკვეთზე დასაქმებული საჯარო მოხელისთვის, რაც არსებულ საშუალო სახელფასო განაკვეთებთან, სოციალურ დახმარებასთან, დასაქმების საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში იქნება.

გარდა ამისა, ანაზღაურების სისტემის მიზნებში შედის:

  • კვალიფიციური პირების საჯარო სამსახურში მოზიდვა, შენარჩუნება და მოტივირება მიმზიდველი და პროგნოზირებადი სახელფასო ანაზღაურების შეთავაზების გზით;
  • კარგი შედეგებისა და შესრულების სათანადო დაფასება (შესრულების შეფასება შეთანხმებული საერთო სტანდარტებისა და დადგენილი პროცედურების გამოყენების გზით განხორციელდება);
  • ბიუჯეტის პროგნოზირებისა და დაგეგმვის ხელშეწყობა.

საჯარო მოხელის ანაზღაურება მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და შეფასებაზე ორიენტირებულ პრემიას:

საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს საჯარო სამსახურში დაკავებული პოზიციისათვის კანონმდებლობით დადგენილი ანაზღაურების ძირითად ნაწილს.

საჯარო მოხელის სახელფასო დანამატი წარმოადგენს მის მიერ საჯარო სამსახურში შესრულებული დამატებითი სამუშაოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით ანაზღაურებას, ხოლო საჯარო მოხელის პრემია არის საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრული წახალისების ფორმა.

რა კრიტერიუმებით ხდება სახელფასო დანამატის განსაზღვრა?

საჯარო მოხელეს სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:

  • რთულ სამუშაო პირობებში მუშაობა,
  • დამატებითი სამუშაოს შესრულება,
  • დამატებითი სამუშაო საათების გამოყენება,
  • ოჯახური მდგომარეობა და შვილების რაოდენობა,
  • საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულება და ა. შ.
  • ასევე, სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს ნამსახურები წლებისა (მაგალითად, ყოველ ხუთ წელიწადში) და საკლასო ჩინის გათვალისწინებით. სახელფასო დანამატის ოდენობის ფარგლები გონივრულ მიმართებაში უნდა იყოს საჯარო მოხელის თანამდებობრივ სარგოსთან.

პრემიის განსაზღვრის კრიტერიუმები

პრემიას შესაძლოა ჯილდო ეწოდოს.ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთა პაკეტი.

პრემიის ოდენობა უნდა დაუკავშირდეს საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების სისტემას და მინიჭება უნდა მოხდეს მისი შედეგების მიხედვით. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს პრემიის ოდენობის ფარგლების ურთიერთმიმართება საჯარო დაწესებულების მთლიან ბიუჯეტსა და საჯარო მოხელის თანამდებობრივ სარგოსთან. ყურადღება უნდა მიექცეს მის მიმართებას საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული მოსამსახურის ანაზღაურებასთან და დაცულ იქნეს გონივრული ბალანსი.

განხილული პროცესი ეტაპობრივია და საბოლოო ეფექტიანობას მიაღწევს დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების, რანგირების სისტემის მოწესრიგების, სახელფასო ბადეების შექმნის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინების და საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ.

წყარო: www.csb.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *