შემოგვიერთდით

როგორ გავუმკლავდეთ სამსახურეობრივ სტრესს – ვიდეო თამაშებით?!

HR მენეჯერები მსოფლიოს მასშტაბით ერთხმად აცხადებენ, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ოპტიმალურად ფუნქციონირების შემაფერხებელი მთავარი პრობლემა სამსახურეობრივი სტრესი იქნება. კომპანიების უმეტესობა საკუთარ თანამშრომლებს ბევრ განსხვავებულ გზას სთავაზობს სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობის პროგრამები, მოქნილი სამუშაო გრაფიკები და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მცდელობები საკმარისი არ არის. გამოსავლის ძიების პროცესში, “Human Factors and Ergonomics Society”-მა ანგარიში წარმოადგინა, სადაც თავიანთი ერთობ უცნაური, მაგრამ საინტერესო გადაჭრის გზა შემოგვთავაზეს – ვიდეო თამაშები.

მკვლევართა ჯგუფმა სხვადასხვა რასისა და სქესის 66 წარმომადგენელი შეარჩიეს, რომელთა ფუნქცია წარმოადგენდა კომპიუტერული ტერმინალის წინ ხანგრძლივი, რუტინული სამუშაოს შესრულებას. ამასთანავე, მათ ყოველ 5 წუთში ერთხელ უნდა შეესვენათ და ამ შესვენების გატარების 3 შეთავაზებული ვარიანტიდან ერთ-ერთი უნდა ამოერჩიათ:

  1. სიჩუმეში ჯდომა
  2. სარელაქსაციო აქტივობაში მონაწილების მიღება
  3. ვიდეო თამაში სახელად „Sushi Cat“

მკვლევარები პარალელურ რეჟიმში ზომავდნენ სტრესის დონეს, ხასიათსა და კოგნიტურ შესაძლებლობებს. შედეგები საინტერესო აღმოჩნდა, კერძოდ, ისინი, ვინც სიჩუმეში ჯდომას ირჩევდნენ, თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ და სამუშაოში ბოლომდე ვერ ერთვებოდნენ. მათ, ვინც სარელაქსაციო აქტივობაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს, სტრესის დონე გარკვეულწილად ნამდვილად შეუმცირდათ, მაგრამ მათ ხასიათსა და კოგნიტურ შესაძლებლობებზე ამ აქტივობას გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მათ, ვინც ვიდეო თამაშით გართობა აირჩიეს, სამუშაოს ბევრად უფრო დასვენებულები და ბედნიერები დაუბრუნდნენ.

„ჩვენ ხშირად ვცდილობთ დღის საათები ბოლომდე გამოვიყენოთ არსებული სამუშაოს შესასრულებლად, რის შედეგადაც საკუთარ თავს ვიფიტავთ და სინამდვილეში, ნაკლებად პროდუქტიულები ვხდებით, გარკვეული შუალედებით შესვენება და გასართობი აქტივობით დაკავება, როგორიცაა პირობითად ვიდეო თამაში, დაგეხმარებათ ძალების სწრაფად აღდგენასა და ეფექტიანობის გაზრდაში“ – აცხადებს მაიკლ რუპი, კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევები აქტიურად უკავშირებენ სტრესის მაღალ დონეს რიგ მომაკვდინებელ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, დეპრესია და კარდიოვასკულარული დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო თამაშები დაავადებებს არ კურნავს, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულწილად გვეხმარებიან მათ გამომწვევ მიზეზთან ბრძოლაში. კვლევის ავტორები აქტიურად ურჩევენ ბიზნესის წარმომადგენლებსა თუ HR პროფესიონალებს ამ პატარა ტრადიციის ოფისში დანერგვასა და წახალისებას. ბოლოს და ბოლოს, „Sushi Cat”-ის რამდენიმე რაუნდის თამაში საქმეს არ დააქცევს.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *