შემოგვიერთდით

როგორ დავაბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება?

ტერმინი Work-Life ბალანსი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა თითქმის ყველა პროფესიულ სფეროში, მაგრამ ბევრი განხილვისა და კამათის მიუხედავად, რეალური ბალანსის მიღწევა ჯერჯერობით ფართო მასებისთვის აუსრულებელ სურვილად რჩება.ყოველდღიური გაუთავებელი სამუშაო ნაკადის შედეგად დაღლილები, უუნაროები და არაპროდუქტიულები ვტოვებთ ოფისებს, ხოლო კვლევები მხოლოდ იმას აფიშირებენ, თუ რაოდენ დამანგრეველია ასეთი ცხოვრების სტილი ჩვენთვის. გარდა ხანგრძლივი სამუშაო საათებისა, ალბათ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გაუტარებია მთელი შაბათი მეილების წაკითხვა-დალაგებასა თუ შესასრულებელი დავალებების სიის შედგენაში. ჩვენს პირადსა და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის საზღვარი დღითიდღე უფრო მკრთალდება და შესაბამისად, 10:00-18:00 სამუშაო საათებიც მითოლოგიური სამყაროს ნაწილი ხდება.

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შედეგები, ხშირად, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითია სამუშაო საათების წარმოუდგენელი ხანგრძლივობის თემატიკაში. როგორც წესი, იაპონელი დაქირავებულებისთვის სრულიად მიღებული და მოთხოვნადიც კია არაადამიანური გრაფიკით მუშაობა, რაც ხშირ შემთხვევაში არათუ 8, არამედ 16 ან მეტ საათსაც კი გულისხმობს. საქმე ისე რთულადაა, რომ ადამიანები, არც მეტი, არც ნაკლები, სამსახურეობრივი გადატვირთულობისგან იღუპებიან და ამგვარი ფაქტი არაერთია! სიტუაცია იმდენად რთული და ყოვლისმომცველია, რომ ქვეყანაში ახალი ტერმინიც კი დამკვიდრდა: Karōshi – სიკვდილი გადატვირთული სამუშაოსგან.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლის კეთილდღეობაზე, მითუმეტეს კი სიცოცხლეზე, პირველ რიგში კომპანია უნდა ზრუნავდეს, გარკვეული პასუხისმგებლობა საკუთარი work-life ბალანსის დარეგულირებაში დაქირავებულსაც ეკისრება. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი უნარებისა და ინტელექტის სწორად და ეფექტიანად გამოყენება არა მხოლოდ საქმის კეთების დროს, არამედ დასვენებისასაც.

მეორე საკითხია, რა იგულისხმება ეფექტიან გამოყენებაში. როგორ უნდა შევძლოთ ასეთ მომთხოვნ და კომპლექსურ სამყაროში ჩვენით დავაბალანსოდ გაუთავებელი დედლაინები და ოჯახური იდილია? საქმე ისაა, რომ ჩვენ ამის გაკეთება, ტრადიციული გაგებით, არ შეგვიძლია. საჭიროა გავიაზროთ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არ იქნება კონკრეტული, გადაულახავი საზღვარი და რომ ერთადერთი გამოსავალი მენტალური გამიჯვნაა. რაც უფრო მეტად კონცენტრირებული იქნებით იმაზე რასაც აკეთებთ, იქნება ეს ძაღლის გასეირნება, მეგობრებთან რესტორანში წასვლა თუ უბრალოდ ფილმის ყურება, მაქსიმალურად ეცადეთ დატკბეთ თქვენი თავისთვის გამოყოფილი დროით და არც ერთ შემთხვევაში არ იფიქროთ სამსახურზე, მომავალი დღის დედლაინებსა თუ შეხვედრის დეტალებზე. მეორე მხრივ, სამსახურში ყოფნისას, რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ მუშაობას და იმის გააზრებას, რომ თქვენი მდგომარეობა ტრაგიკული ან გამოუვალი სულაც არ არის, მით უფრო ეფექტიანები გახდებით, რაც, ცხადია, სამუშაო საათებს ოდნავ მაინც შეგიმცირებთ! შეეცადეთ ფიზიკური გამიჯვნის მაგივრად, ემოციურად დაყოთ სამსახური და პირადი ცხოვრება. თუ ამას მოახერხებთ, საათებზე ყურება შესაძლოა, აღარც დაგჭირდეთ.

გარდა ამისა, ემოციური სტაბილურობის მისაღწევად პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო. მიიღეთ მეტი სითხე, გადააგდეთ სიგარეტი, ხშირად გადით სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ. ცხოვრების წესის შეცვლით თქვენს სულიერ და ემოციურ მდგომარეობას ბევრად გაიუმჯობესებთ, რაც თავის მხრივ, სამსახურეობრივ სტრესს შეამცირებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარი თავისთვის უფრო მეტ დროს გამონახავთ.

ხანგრძლივი საათებით მუშაობას ყოველთვის ვერ შეძლებთ. სტრესი გრძელვადიან პერიოდში თქვენი კარიერული წინსვლისთვისაც დამანგრეველი ფაქტორი იქნება. დაელაპარაკეთ თქვენს HR მენეჯერს აღნიშნულ საკითხებზე, ჰკითხეთ მათ რჩევა და თხოვეთ, რომ ხანგრძლივი საათებისა და გადატვირთული სამუშაოს პრობლემა შედარებით მაინც მოაგვაროს.

პროცესი მარტივი და სწრაფი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, თანდათანობით, მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ პირად ცხოვრებაზე სრულად დომინირებული სამსახური არც დასაქმებულისთვის და არც დამსაქმებლისთვის, წარმატების მომტანი ფაქტორი არ არის.

რატი წიკლაური

წყრო: www.hrnews.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *