შემოგვიერთდით

როგორ უნდა გავუმკლავდეთ მშობლებს, რომლებსაც სურთ ზრდასრული შვილების სამსახურებრივ ცხოვრებაში “ცხვირის ჩაყოფა”?

რა უნდა ვქნათ, როცა მამიკო და დედიკო ცდილობენ შეგვითანხმდნენ მათი შვილებისთვის ხელფასის გაზრდაზე, დაწინაურებასა თუ მეტ თავისუფალ დროზე?

დღესდღეობით, როგორც კი ახალგაზრდა ადამიანი თავის პირველ სამსახურს იწყებს, ხშირ შემთხვევაში საქმეში მაშინვე ერთვება ე.წ. Helicopter Parenting, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობს მშობლების დისტანციურ, მაგრამ აქტიურ დაკვირვებასა და „გულშემატკივრობას” თავიანთ შვილებზე. საქმე ისაა, რომ მშობლები არა მხოლოდ გასაუბრებებზე დასწრებას ან უბრალოდ საქმის კურსში ყოფნას ითხოვენ, არამედ უშუალოდ უკავშირდებიან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და სრული სერიოზულობით ცდილობენ შეუთანხმდნენ HR მენეჯერებს თავიანთი შვილებისთვის ხელფასის გაზრდაზე, დაწინაურებასა და ხანგრძლივ შვებულებებზე.

ოპტიმალური გამოსავალი ამ ერთობ უჩვეულო სიტუაციიდან ალბათ მშობლებთან დალაპარაკებაა, უნდა აუხსნათ, რომ  დამქირავებელთან მსგავსი საკითხების განხილვა არასწორი და არაფრისმომცემი პრაქტიკაა და თუ ამ თემებზე თავიანთი აზრის გამოთქმა სურთ, სჯობს, საკუთარ შვილებს პირადად მისცენ რჩევები, ოფისში დარეკვის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, ძალიან ბევრი კომპანიის პოლიტიკა პირდაპირ მოიაზრებს, რომ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუნდაც დისციპლინარულ ქმედებებზე,  ორგანიზაცია პირადად და უშუალოდ დაქირავებულს უნდა დაელაპარაკოს, ყოველგვარი გარეშე პირებისგან დამოუკიდებლად. ერთადერთ გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ არასრულწლოვანი დასაქმებულები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არასრულწლოვნების შემთხვევაშიც არ გვავალდებულებს მშობლების საქმის კურსში ჩაყენებას, გარკვეული მიზეზების გამო, უმჯობესია თავად დასაქმებულს ვკითხოთ მისი პრეფერენციების შესახებ ოჯახის წევრების სამსახურებრივ საკითხებში ჩართულობაზე. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევებში, მშობლების დასწრება არასრულწლოვნის დისციპლინარულ შეხვედრებზე, გვეხმარება თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები პერფორმანსის ან შესრულებული საქმის სისწორის შეფასებისას.

ბოლო წლებში, კომპანიები ცდილობენ მშობლების კონტროლის დაუოკებელი სურვილი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. მაგალითად, „გუგლმა“ და „ლინქედინმა“ შეიმუშავეს ე.წ. “Take Your Parent to Work Day” პროგრამები, რაც გულისხმობს დაქირავებულების მიერ მშობლების ოფისებში მიყვანას, სამუშაო პრაქტიკის გაცნობასა და ა.შ. კომპანიები იმედოვნებენ, რომ ასეთი პროექტები დაქირავებულებს დაეხმარებათ პროდუქტიულობის ზრდასა და კომპანიის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გაღრმავებაში.

ზოგჯერ, მშობლების ძლერი ინტერესი ძალიან პრობლემატურ პრაქტიკად იქცევა ხოლმე როგორც კომპანიებისთვის, ასევე დაქირავებული „შვილისთვისაც“, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, სრულად მართოთ მშობლის ჩართულობა შვილის სამსახურეობრივ ცხოვრებაში და ნათლად დაანახოთ თქვენს თანამშრომლებს, რომ ისინი ბავშვები აღარ არიან.

რატი წიკლაური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *