შემოგვიერთდით

როგორ შევიქმნათ წარმატებული კარიერა HR სფეროში

როგორც წესი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტში მომუშავე ადამიანებს ბუნებრივად გააჩნიათ კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მათ კარგად ესმით, რას ნიშნავს პიროვნული განვითარება და კარიერული ეტაპების სტრატეგიული დაგეგმარება. ბოლოს და ბოლოს, ეს საკითხები მათ ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს. თუმცა მეორე მხრივ, თეორიული ცოდნისა და უნარების პრაქტიკული განხორციელება ყოველთვის მარტივი არ არის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს პროცესი სხვა ადამიანების აღქმასა და სუბიექტურ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ CV მნიშვნელოვანი წონის მქონე დოკუმენტია და სხვაზე გავლენის მოხდენა კარგად შეუძლია, მენეჯმენტის კონსულტანტისა და TAP-ის ინსაიდერის,  პიტერ ფუდას მტკიცებით, თქვენი კარიერული წინსვლა და წარმატება, რეალურად 2 რამეზეა დამოკიდებული – შინაარსსა და აღქმაზე.

„შინაარსი გულისხმობს თქვენ მიერ რეალურად განხორციელებულ საქმეს. იმ ნამდვილ ღირებულებას, რომელსაც თქვენ ქმნით და რომელსაც ბიზნესის სტეიკჰოლდერები აფასებენ“.

„ხოლო აღქმა, პირობითად, გულისხმობს ამ სტეიკჰოლდერების, ან კონკრეტულ შემთხვევაში ტოპ მენეჯმენტის სუბიექტურ შეხედულებას თქვენს ფასეულობასა და შესრულებულ საქმეებზე. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს თქვენ მიერ განხორციელებული პროექტების შინაარსი, თუ მენეჯმენტის აღქმა და შეფასება მისი ადეკვატური არ იქნება, შესაბამის ფიდბექს ვერ მიიღებთ“ – წერს პიტერ ფუდა.

HR მენეჯერისთვის კარიერული წინსვლა კიდევ უფრო კომპლექსური პროცესია. თუ დავუშვებთ, რომ თქვენი მენეჯმენტის აღქმით, თქვენი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ HR სტრატეგიების შემუშავებასა და ტალანტის მართვის პროცესებს, მაშინ თქვენი ლიდერშიპისა და ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევები, ან სხვა მსგავსი ტიპის თვისებები, შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენონ, ან უბრალოდ არ განიხილონ.

აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი სტრატეგია კარიერული ზრდისთვის არის მენეჯმენტის აღქმის ჩვენთვის სასარგებლოდ შეცვლა და საკუთარი ღირებულების დემონსტრირება. სურს თქვენს მენეჯერს თქვენს ლიდერულ უნარებში დარწმუნება? შექმენით HR პროექტი ან იდეა, სადაც სწორედ ამ თვისებებს წარმოაჩენთ და დაამტკიცებთ. გსურთ აჩვენოთ, რომ კრიზისულ სიტუაციებში სიმშვიდეს ინარჩუნებთ? იმუშავეთ ცივი გონებით და არგუმენტირებულად იმსჯელეთ.

HR სფერო ყოველთვის ხასიათდებოდა სტერეოტიპებით. განსაკუთრებით ძნელია, დაამტკიცოთ იმ უნარების ქონა, რომელიც ერთი შეხედვით ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში საჭირო არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თქვენი მთავარი გადასალახი ბარიერი არა „შინაარსი“, ანუ რეალური საქმიანობა და უნარები, არამედ „აღქმაა“, რადგან კარიერული ზრდის უკან ყოველთვის დგას იმ ტოპ მენეჯერის შეხედულება და წარმოდგენა თქვენზე, რომელიც გაწინაურებთ. ყველაფერი იწყება და სრულდება აღქმით.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *