შემოგვიერთდით

როგორ შევქმნათ საუკეთესო სამუშაო გარემო და გავზარდოთ თანამშრომლების კეთილგანწყობა

სამსახური ყოველთვის დადებით ემოციებთან არ ასოცირდება. დასაქმებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამუშაოს საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს უთმობს, ხოლო სანაცვლოდ მხოლოდ ნეგატივს, სტრესსა და ქრონიკულ დაღლილობას იღებს. ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში საკმაოდ სახიფათო გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახური მართლაც იკავებს ჩვენი დღის მინიმუმ მესამედს (მაშინ, როცა ძილისთვისაც ამდენივე გვჭირდება), ფსიქოლოგები საკმაოდ აქტიურად ურჩევენ კომპანიებს, იზრუნონ თავიანთი თანამშრომლების კმაყოფილებასა და ბედნიერებაზეც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაფის უკმაყოფილებამ შესაძლოა ეფექტიანობის მკვეთრად დაცემა გამოიწვიოს, რომ აღარაფერი ვთქვათ, პრობლემის ადამიანურ მხარეზე.

ავსტრალიური კომპანიის Zinc-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტ ქლეარი (Pete Cleary) მიიჩნევს, რომ წარმატებული კომპანიის მთავარი საიდუმლო სტაფის განწყობასა და დამოკიდებულებაშია. კომპანია, რომელიც 2005 წელს დაარსდა, მუდმივად ხვდება ტოპ 50 საუკეთესო სამუშაო ადგილებს შორის, ხოლო 2017 წელს ამ რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა იმ კომპანიებს შორის,  როლებსაც 100 თანამშრომელზე ნაკლები ჰყავს.

„დაარსების დღიდან წარმატების ყველაზე მთავარ ფაქტორად ჩვენი თანამშრომლები მიგვაჩნდა. როდესაც ერთნაირად მოაზროვნე, ერთი კულტურის მატარებელი ადამიანები თავს მშვიდად და დაფასებულად გრძნობენ, მაშინ იწყება რაღაც განსაკუთრებული, სწორედ ის, რასაც ჩვენი კლიენტები ითხოვენ ჩვენგან“ – აცხადებს ქლეარი.

აღმასრულებელი დირექტორი HR მენეჯერებს სთავაზობს 5 რჩევას, რომელიც მისი აზრით, ჩვენი სამსახურის უკეთეს სამუშაო ადგილად გადაქცევაში დაგვეხმარება:

 

შექმენით თქვენით

პიტ ქლეარი იხსენებს მისი ძველი სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ პერიოდს. „მე არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამიერიდან, მე ვიცოდი რატომ წამოვედი ძველი სამსახურიდან, ვიცოდი რა არ მომწონდა და სად აღარ ვიმუშავებდი, მაგრამ ჰორიზონტზე არც უკეთესი ალტერნატივა ჩანდა, შესაბამისად, მე გავიაზრე, რომ თუ მინდოდა ჩემი ოცნების სამსახური მქონოდა, ეს თავად უნდა შემექმნა“. შესაბამისად, პიტი გვირჩევს, რომ ჩვენი სამუშაო გარემო და სიტუაცია, რომელში მუშაობაც ჩვენს დაქირავებულებს უწევთ, შესაძლოა არ ჰგავდეს არცერთ არსებულ სტრუქტურას ან იერარქიულ მოწყობას, ამიტომ ხანდახან გაუკვალავი გზით სიარულიც უნდა მოვახერხოთ.

იმუშავეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენსავით აზროვნებენ

ცხადია, ეს რჩევა არ მოიაზრებს განსხვავებული აზრის უკუგდებასა და მხოლოდ ერთფეროვან საზოგადოებაში მოღვაწეობას. საქმე ისაა, რომ ყველა კომპანიას საკუთარი კულტურა და პოლიტიკა გააჩნია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის წარმატების გზაზე. იმ ადამიანის აყვანა, რომელიც არსებულ კულტურას ვერ ერგება, ეწინააღმდეგება ან ვერ იაზრებს, შესაძლოა სავალალო შედეგებით დასრულდეს. ამიტომ, HR მენეჯერი უნდა ეცადოს არა ერთფეროვანი, არამედ ერთი მიზნის მქონე საზოგადოება ჩამოაყალიბოს. საბოლოოდ ამას პრაქტიკული შედეგებიც მოაქვს, მაგალითად, Zinc-ის სტაფის შენარჩუნების, შესაბამისად კი ლოიალურობისა და კმაყოფილების, დონე 93%-ს აღემატება, რაც ძალიან მაღალი შედეგია ნებისმიერი ინდუსტრიისათვის.

გააუქმეთ „წოდებების“ პრაქტიკა

როგორც პიტი ამბობს, მის კომპანიაში არ არსებობს „კუთხის ოფისები“ ან წოდებები. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა თანამშრომლებისა და კლიენტების ურთიერთობას უშლის ხელს. საპირისპიროდ, Zinc-ის მთავარი საყრდენი ფასეულობა ნდობაა. ნდობაზე დაყრდნობით ეს ადამიანები ერთმანეთს უშინაურდებიან, უზიარებენ საკუთარ აზრს და პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც საბოლოოდ კომპანიაში მუდმივი ინფორმაციის დინებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კომპანიაში ყოველთვიურად აქვეყნებენ ფინანსურ ინფორმაციას სპეციალურად სტაფისთვის, რათა ნებისმიერი პოტენციური უკმაყოფილება ან პრობლემა ერთობლივად გადაიჭრას.

დანერგეთ „Value Sharing“ კულტურა

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სასიამოვნო სამუშაო გარემოს შესაქმნელად გახლავთ არაფულადი ბენეფიტები. ქლეარის აზრით, თანამშრომლები უნდა ინაწილებდნენ როგორც წარმატებას, ასევე კრახს, იქნება ეს ბონუსები თუ უბრალოდ მატერიალური საჩუქრები. გარდა ამისა, Zinc-მა რამდენიმე ხნის დანერგა თანამშრომლების ჯანმრთელობის პროგრამა, რომელიც მოიცავს უფასო სავარჯიშო დარბაზს, კონსულტაციებს და ა.შ. თუმცა მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბენეფიტები დაუმსახურებლად არ გაიცემა. ამ შემთხვევაში, ნდობის ფაქტორი აღარ მუშაობს, ყველაფერი ფურცელზე უნდა ჩანდეს. „თუ შესაბამისი ღირებულება არ შევქმენით, მაშინ რას ვინაწილებთ?“ – აცხადებს CEO.

შექმენით არაკორპორატიული საქველმოქმედო პროექტები

როგორც აღმოჩნდა, ადამიანის სრული რეალიზაციისთვის საჭიროა არა მხოლოდ მიღება, არამედ იმავე რაოდენობით გაცემაც. Zinc-ის თანამშრომლები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დაეხმარონ კამბოჯელი ბავშვების დასახმარებლად შექმნილ ორგანიზაციას, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ მარკეტინგული თუ სხვა ტიპის საპორტიც. შესაბამისად, თითოეულ თანამშრომელს გააჩნია რაღაც უფრო მეტის, ზემატერიალურის შექმნის განცდა, რომელიც როგორც მის თვითშეფასებას, ასევე კრეატიულობასა და კეთილგანწყობას ამაღლებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგები სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად პაციენტებს ხშირად ურჩევენ საქველმოქმედო საქმიანობის გაწევასაც.

რატი წიკლაური

წყარო: www.hcamag.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *