შემოგვიერთდით

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრების მიზანს ახალგაზრდებისთვის პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ორი დღის განმავლობაში შეხვედრები 3 ჯგუფთან გაიმართა, სადაც ჯამში 200-ზე მეტი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ წარმოდგენილნი. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორები შეხვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს პროკურატურაში მოქმედ სტაჟირების სისტემას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
მონაწილეებმა განიხილეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა – სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. უწყების მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *