შემოგვიერთდით

საქართველოს სახალხო დამცველი: “უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა”

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას.

“აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივნისსაა ინიცირებული და ამ დრომდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. 2018 წლის 5 თებერვალს წამყვან კომიტეტში დაგეგმილი მეორე მოსმენა ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის მიზეზით. პროცესის გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორების ნაცვლად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ არსებული ტექსტი კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე.” – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წყარო: www.ombudsman.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *