შემოგვიერთდით

პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენცია – „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმიმართა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ.
კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.

კონფერენციაზე მოწვეულმა 200-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.
პანელური დისკუსია პროფესიული განათლების ბრენდინგის თემასაც დაეთმო და საქართველოში წამყვანმა მარკეტინგის სპეციალისტებმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებშივე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის გამოფენა მოეწყო.
ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ახალი პროგრამების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერებინა.

გამოფენაზე წარმოდგენილი მომავლის პროფესიები, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება.
დაჯილდოებას დაესწრნენ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდენენ:

  1. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი,
  2. წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი,
  3. წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და
  4. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი ორგანიზაცია.

„დღეს ვმართავთ პროფესიულ განათლებაში ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას. 200-ზე მეტი სტუმარი გვყავს სხვადასხვა ქვეყნიდან და ვსაურობთ 2030 წლის შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნად პროფესიებზე. რაც შეეხება პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017–ს, პირველად ტარდება საქართველოში და პროფესიული განათლების სფეროში დიდი მოვლენაა. ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდნენ რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება.“ – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ღონისძიების გენერალური სპონსორია ინა გუდავაძე–პატარკაშვილი.
პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *