შემოგვიერთდით

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სტაჟიორებისთვის 150 ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 04 აპრილის N182 დადგენილებით ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცდა.

პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო.

პროგრამის დეტალების შესახებ მივმართეთ  ამავე სამინისტროს და გამოთხოვილ ინფორმაციას  უცვლელად გთავაზობთ.

HR hub: რას ითვალისწინებს სტაჟირების სახელწიფო პროგრამა?

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს – დამსაქმებლებთან შეთანხმებით ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაოს ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლებას შემდგომი დასაქმების მიზნით, არაუმეტეს 3 თვისა.

HR hub: როგორ შეუძლით დამსაქმებლებს პროგრამაში ჩართვა?

სტაჟირების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს აქვს ვაკანტური ან/და პერსპექტიული სამუშაო ადგილი/ადგილები და მზადაა, მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები შემდგომი დასაქმების მიზნით. შედეგად, სტაჟირების დასრულების შემდგომ, კონკურენციის საფუძველზე, დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორები ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე.

დამსაქმებელმა, რომელსაც სურს ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის სერვის-ცენტრს სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტაჟირების დასრულების შემდეგ, მინიმუმ ერთ სტაჟიორთან, არანაკლებ 6 თვის ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას.

HR hub: ვინ წარმოადგენს პროგრამის სამიზნე ჯგუფს?

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა – www.worknet.gov.ge-ზე და აგრეთვე ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ კურსდამთავრებულები.

სტაჟირების გავლის მსურველები აფორმებენ შეთანხმებას სააგენტოსთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ისინი ითვლებიან პროგრამის მონაწილედ.

ისევე როგორც სხვა დასაქმების ხელშემწყობი სერვისების, მოსახლეობისთვის შეთავაზების მომენტში, ჩვენ პირველ რიგში ვაყენებთ მოწყვად ჯგუფებს. ესენია: შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები, პრობაციონერები,  ყოფილი პატიმრები, გოგონები 16 წლის ასაკიდან ზევით, რომლებიც ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებიან. პირველ რიგში ვცდილობთ, ამ კატეგორიის ხალხს მივცეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.

HR hub: სტაჟირება ანაზღაურებადია?

სტაჟირების გავლის მსურველებს სტაჟირების მიმდინარეობის დროს ჩაერიცხებათ სახელმწიფო სტიპენდია 150 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისად მისი განხორციელება დაგეგმილია 2018 წელსაც.

HR hub: დღემდე რადენმა ორგანიზაციამ/კომპანიამ და ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით?

2015 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია 1000-მდე ორგანიზაციას მიეწოდა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების დაწყებიდან, პროგრამაში დღევანდელი მონაცემებით სულ ხელშეკრულება გაფორმდა 27 ორგანიზაციასთან.

2015 წლიდან მიმდინარე ეტაპამდე სტაჟირებაში ჩართული იყო 130 ბენეფიციარი: 2015 წელს – 2 ბენეფიციარი, 2016 წელს – 47, ხოლო, 2017 წელს, დღევანდელი მონაცემებით – 81 მოსარგებლე (პროგრამა გრძელდება წლის ბოლომდე, შესაბამისად, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობაც).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *