შემოგვიერთდით

სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება 

საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება.

რას გულისხმობს საპენსიო რეფორმა ? 

2014 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეიქმნა საპენსიო რეფორმის სამსახური, რომლის მიზანია, საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავება და დანერგვა. საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე საქართველო სწორედ 2017 წელს გადავა.

კერძო საპენსიო სისტემა „განსაზღვრული შენატანის“ პრინციპს დაეფუძნება (Defined Contribution). ასეთი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების ხანგრძლიობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება). განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად, მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. თუმცა, კერძო დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ სოციალურ პენსიას.

კერძო დაგროვებითი სისტემის სარგებლის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ყოველთვიური შენატანების პროცენტული მაჩვენებელი ხელფასთან მიმართებაში. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანების ოდენობა განისაზღვრა 6%-ით. რეკომენდირებულია, რომ შენატანების კოეფიციენტმა საშუალო ვადიანი პერიოდში 8%-ს მიაღწიოს. შენატანების პროცენტული ოდენობა (6%) დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის გადანაწილდება.

საჯარო სექტორი და სახელწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანიები თანამშრომლებს დააფინანსებენ იგივე წესით, როგორც კერძო სექტორის შემთხვევაში.

კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა ნებაყოფლობითი მონაწილეობის საფუძველზე მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია სავალდებულო პრინციპის არსებობა დამსაქმებელსა და სახელმწიფოს მიმართ.

რეფორმის განხორციელების ფისკალური ხარჯები შედგება სამი კომპონენტისგან:

  1. სახელმწიფოს 2%-იანი კონტრიბუცია;
  2. სახელმწიფო სტრუქტურებსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანი
  3. დამსაქმებლის 2%-იანი შენატანის განთავისუფლება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან.

ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ 20%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი ანგარიშისკენ. ამის პარალელურად, მოქალაქე დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს. შესაბამისად, ვიღებთ მოდელს, სადაც ხელფასის 6% ტოლფასად დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან მიემართება დასაქმებულის დაგროვებითი ანგარიშისკენ, რომელსაც კერძო საფინანსო ინსტიტუტები მართავენ. სხვაგვარად შეიძლება ასეც ითქვას: დასაქმებულს ავტომატურად ჩამოეჭრება ხელფასის 22%, თუმცა ეცოდინება, რომ აქედან 4% მის დაგროვებით ანგარიშზე აისახება, რასაც დამატებით დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული 2%-იც დაემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ცოტა ხანში რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *