შემოგვიერთდით

სტუდენტების დასაქმების პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთ სტრატეგიად ქადაგიძე სილაბუსების შედგენისას დამსაქმებლების ჩართულობას ასახელებს

ილიაუნის ბიზნესის სკოლის რექტორმა გიგა ზედანიამ და ამავე სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა ,,არჩევანში” პირისპირ ისაუბრეს.

გთავაზობთ გადაცემიდან ამონარიდებს სტუდენტების დასაქმების თემაზე.

გიორგი ქადაგიძე: რა იყო მოტივი ჩემი ბიზნეს სკოლაში მისვლის. მე წლების განმავლობაში გასაუბრებებზე, ინტერვიუებზე ვიყავი დამსაქმებლის როლში და ვხედავდი თუ რამხელა ნაპრალია იმ ცოდნასა და უნარებს შორის, როლითაც მოდიან კურსდამთავრებულები და იმ ცოდნასა და უნარებს შორის, რომლებიც სჭირდებათ დამსაქმებლებს. ჩვენ ვერ ვახერხებთ ბაზრის შესაბამის, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის ცოდნისა და უნარების მიცემას ათასობით ჩვენი სტუდენტისთვის, რითიც მათ ფაქტიურად ვწირავთ უმუშევრობისთვის ან არაკვალიფიციური შრომის ბაზრისთვის.

გიორგი ქადაგიძე: მე ვუსმენ ბატონ გიგას ხანდახან მგონია რო ჰარვარდის რექტორი საუბრობს, კვლევებს ვაკეთებთ შავ ზღვაში გემების გამოყენებით, სასტუმროები გვაქვს, რომლებიც ამ დროს კვლევითი ცენტრებიც არის და ამავე დროს ჩვენი საშუალო სტატისტიკური აკადემიური მოსწრების სტუდენტი ვერ პოულობს სამსახურს.

გიგა ზედანია: ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულის დასაქმება არის 80%-ზე მეტი. ეს არის ყველაზე უსამართლო ბრალდება, რომელიც ილიაუნის შეუძლია წაუყენო.

გიორგი ქადაგიძე: ეს არის დიდი ორგანიზაცია, რომელსაც სჭირდება სხვანაირი მართვა. დასაქმებაზე, როცა ვსაუბრობთ რა პოზიციებზე საქმდებიან ჩვენი სტუდენტები ეს არის მთავარი.

გიგა ზედანია: მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როცა მასობრივი უნივერსიტეტი გაქვს და დიდი უმუშევრობაა ქვეყანაში, შეუძლებელია სრული დასაქმება. 80%-ზე მეტზე რომ ვლაპარაკობთ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რომელიც 16 000 სტუდენტს ცდილობს რომ რაც შეიძლება უკეთესი განათლება მისცეს, ეს არ არის ცუდი შედეგი.

გიორგი ქადაგიძე: მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ეს უნდა იყოს გამჭირვალე. ამისთვის არსებობს საბჭოები, კოლეგიალური ორგანოები. იმიტომ მოვიყვანეთ ბიზნეს სკოლაში დამსაქმებლები, რომ მათთან ერთად გავდივართ სილაბუსს, რომ დამსაქმებელმა წინასწარ იცოდეს რა უნდა გავიაროთ. დამსაქმებლები უნდა იყვნენ ჩართულები, კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ აუცილებლად ჩართულები. ამხელა სკოლაში 6000 კაცი სწავლობს, ყოველ წელს 1000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს და კურსდამთავრებულების ასოციაცია არ გვაქვს რაზე ვსაუბრობთ.

ყოველ წელს ათასობით ჩვენი კურსდამთავრებული ვერ იღებს ისეთ განათლებას, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს, რომ წარმატებით (პროფესიით) დასაქმდნენ და გამოვიყვანოთ ეს ხალხი პირველ რიგში სოციალური მდგომარეობიდან. რაც მთავარია შექმნან პროდუქტიული დოვლათი.

გიგა ზედანია: ჩვენ ვაძლევთ ძალიან ბევრ სტუდენტს განათლებას. მაქსიმალურად ვცდილობთ.

დისკუსიის დასასრულს, გიგა ზედანიამ არსებული გაუგებრობის მიუხედავად, გიორგი ქადაგიძესთან, როგორც კოლეგასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *