შემოგვიერთდით

ტრენინგ ცენტრი, სადაც ვსწავლობთ ყველა

ალბათ ცოტა ადამიანს თუ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,გუდვილს” საკუთარი ტრენინგ ცენტრი აქვს. რა მიმართულებით მუშაობს და რა სახის ტრენინგებს სთავაზობს ის თანამშრომლებს ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ ,,გუდვილის” სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ჩხარტიშვილს.

HR hub: საიდან გაჩნდა “გუდვილის” ტრენინგ ცენტრის შექმნის იდეა?

როგორც იცით გუდვილის მთავარი მიზანი კმაყოფილი მომხმარებლია. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მომხარებელთან ურთიერთობის სერვისად გარდაქმნა კი, ამ მიზნის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

კომპანიას კარგად აქვს გააზრებული, რომ რაც არ უნდა უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებდე და აწვდიდე მომხმარებელს, როგორი ჰიგიენური და სანიტარული ნორმის სტანდარტებს არ უნდა ფლობდე და ამ ხარისხის დამადასტურებელი რამდენი სერთიფიკატიც არ უნდა გქონდეს, მომსახურების სფეროში აუცილებელია შედგეს  კავშირი  ჩვენსა და მომხმარებელს შორის.  ამიტომაც დაიბადა იდეა  შეგვექმნა ტრენინგ ცენტრი, სადაც ვსწავლობთ ყველა! ვსწავლობთ, როგორ მოვემსახუროთ მომხმარებლს, როდის მივესალმოთ და დავემშვიდობოთ, რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის წარმომავლობისა თუ დანიშნულების შესახებ, როგორ გავუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს. როგორ შევძლოთ მომხმარებლის აზრების წაკითხვა. როგორ ვმართოთ სწორად გუნდი.

ტრენინგ ცენტრის სასწავლო პროგრამა ასევე გულისხმობს არა მხოლოდ სერვისის დახვეწას, არამედ თანამშრომლებში კმაყოფილებისა და მოტივაციის ამაღლებას.

HR hub: რა სახის ტრენინგები ტარდება ძირითადად?

ძირითადი აქცენტი კეთდება უმაღლესი ხარისხის მომსახურების ტრენინგებზე, გვაქვს პროდუქციის შემსწავლელი ტრენინგები. ჩვენს ქსელში არსებული პროდუქცია დაყოფილი გვაქვს კატეგორიებად, რის მიხედვითაც ხდება პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, რათა ჩვენთან მოსულმა მომხმარებელმა მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს პროდუქტის წარმომავლობის, დანიშნულებისა და გამოყენების წესის შესახებ. ხდება დარბაზის მენეჯერების, სუპერვაიზერების, სექციის მთავარი კონსულტანტების გადამზადება, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება. ამ შემთხვევაში ტრენინგის მსვლელობისას გარდა მომსახურების სტანდარტებისა აქცენტი გუნდისა და დროის მართვაზე კეთდება.

ტრენინგის მსვლელობისას მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ მათ მიერ გაწეული მომსახურება მომხმრებლის თვალით, დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და სუსტი მხარეები, განსაზღვრონ და შეაფასონ საკუთარი როლი და მნიშვნელობა, შეაფასონ ის ძირითადი პროცესები, რომელშიც არიან ჩართული და განსაზღვრონ თუ რისი გაუმჯობესებაა საჭირო.

HR hub: ვინ ესწრება აღნიშნულ ტრენინგებს?

ტრენინგებს ძირითადად ესწრებიან: კონსულტანტები, მოლარეები, დარბაზის მენეჯერები, სუპერვაიზერები, სექციის მთავარი კონსულტანტები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ა.შ.

ასევე ხშირად გვაქვს ადმინისტრაციის მხრიდან ტრენინგების მოთხოვნები. ვიწვევთ სხვადასხვა სპიკერებს საინტერესო თემების განსახილველად.

HR hub: როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი?

სწავლება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფორმატი დინამიური და სახალისოა. ძირითადი წილი სწავლების პრაქტიკულ ფორმას ეთმობა.

ჩვენს მენტორებს გარდა  თეორიული ცოდნისა უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, რაც სწავლების პროცესში ხელს უწყობს მათ სწორი მიზნის პოვნასა და აქცენტების გაკეთებაში.

HR hub: როგორია ტრენინგების ხანგრძლივობა?

ტრენინგის ხანგრძლივობა განისაზღვრება ტრენინგის თემატიკიდან, ვცდილობთ მაქსიმუმ 2 სთ-ზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს, რათა მსმენელისთვის მოსაწყენი არ გახდეს.

HR hub: რაიმე სიახლის დამატებას ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?

გუდვილის ტრენინგ ცენტრი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ძირითადად ჩართული ვართ საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების მიმართულებით. ასევე შარშან მაგალითად პროფესიულ კოლეჯ „იკაროსთან“ ერთად მონაწილეობა მივიღეთ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის შედგენაში, რაც მოიცავდა გუდვილის ბაზაზე ყასაბ-მზარეულების 3 თვიანი სწავლების კურსს. ამ პროგრამის ფარგლებში გადავამზადეთ სამი ჯგუფი. სწავლების პროცესის 50% განხორციელდა ჩვენთან ანუ საწარმოში და 50 % კოლეჯის ბაზაზე. სწავლების შემდეგ რამდენიმე კურსდამთავრებული ჩვენთან დავასაქმეთ.

ასევე სამომავოდ ვგეგმავთ ჩვენი არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზისა და გამოცდილი კადრების გამოყენებით მათი სხვადასხვა მიმართულებით გადამზადებას.  დუალურ პროგრამაში  ჩართვას, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაში აქტიური მონაწილების მიღებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *