შემოგვიერთდით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების ფარგლებში ახალი გამომძიებლების სტაჟირების პროგრამა და 1200 მოქმედი გამომძიებლის გადამზადების ეტაპი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, მოქმედ გამომძიებელთა გადამზადებას და კონკურსის წესით ახალ გამომძიებელთა მიღებას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში:

  • ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს 1200 მოქმედი გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში გაივლის;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ.

გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.მინისტრმა გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საგამოძიებო სისტემის გაძლიერების და გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ჩვენთვის ეს სისტემური რეფორმების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ნდობისთვის, შესაბამისი საპოლიციო მომსახურება. პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო თანამშრომელთა მიღების წესის შეცვლა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, მისთვის ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილს, კომპეტენცია და განათლების ხარისხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო სწრაფად და ეფექტიანად განვითარდეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ 1200 გამომძიებლის გადამზადებას სისტემაში. ეს არის ჩვენთვის ხარისხობრივად ახალი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ, არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით და ხაზგასმით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს პარტნიორ უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მადლობა ჩვენ ამერიკელ კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მთლიანად სისტემური განახლების ფარგლებში გვერდში გვიდგანან. ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე, უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *