შემოგვიერთდით

ხელფასები საჯარო სექტორში – საიას რეკომენდაციები საჯარო სამსახურის ბიუროს

2017 წლის 6 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საჯარო სამსახურის ბიურომ საზოგადოებას წარუდგინა „საჯარო დაწესებულებაში ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ანაზღაურების წესსა და ოდენობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია საია მიესალმება „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების თაობაზე კანონპროექტის შემუშავებას, თუმცა კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

კანონპროექტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საიამ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა შემდეგი რეკომენდაციები, რომლებსაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს:

  1. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებებში საჯარო მოხელეთა ანაზღაურება განისაზღვროს ერთი და იმავე (დანართი 1) კოეფიციენტების სისტემის საფუძველზე;
  2. გაუქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ანაზღაურების კოეფიციენტებს შორის განსხვავება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შექმნილი ანაზღაურების ცხრილი (დანართი 2), მისი შესაძლებლობის ფარგლებში და არ მოხდეს დამატებითი ფინანსური ბარიერების დაწესება;
  3. განისაზღვროს საჯარო მოხელის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისად ანაზღაურებისათვის განსაზღვრული კატეგორიების მინიჭების წესი და კრიტერიუმები, რათა აღნიშნული საკითხი არ დარჩეს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებაში;
  4. გაიზარდოს საკლასო დანამატის პროცენტული ოდენობა გაიზარდოს (1 კლასი დაიწყოს სულ მცირე 5%-დან), რათა უზრუნველყოს საჯარო მოხელეთა შორის მოტივაციის გაზრდა;
  5. განისაზღვროს ერთჯერადად გაცემული სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობა თანამდებობრივი სარგოს თვიური ოდენობის 10%-დან 30%-მდე;
  6. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს არ ჰქონდეთ სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების უფლება;
  7. გაუქმდეს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ანაზღაურების განსაზღვრის საგამონაკლისო წესი;
  8. გათანაბრდეს ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების იდენტური სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოების კოეფიციენტები;
  9. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქოდეთ უფლება მიიღონ სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო;
  10. დეტალურად განისაზღვროს კერძო სექტორთან კონკურენციის მუხლი და განისაზღვროს სფეროები, სადაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლება განსაზღვროს თანამდებობათა ჩამონათვალი.
  11. სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების სისტემა ამოქმედდეს კანონის ამოქმედებასთან ერთად და არა საგამონაკლისო წესით 2021 წლის იანვრიდან;
  12. ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა არსებული ანაზღაურების შემცირება.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *