შემოგვიერთდით

ჯომარდობა ავერსულად – როგორ ჩატარდა ავერსელების ტრადიციული საზაფხულო ღონისძიება?

ჯომარდობა 2018 – ეს ავერსის ერთ-ერთი გრანდიოზული, ტრადიციული ღონისძიება გახლავთ. წელს ეს ღონისძიება ავერსისთვის ყველაზე ხალხმრავალი აღმოჩნდა.

დედაქალაქიდან რამდენიმე ავტობუსი ავერსის შვლობილი კომპანიების თანამშრომლებით გაივსო. ისინი არაგვის ხეობაში ჩავიდნენ.

ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ თანამშრომლები გუნდებად დაყო. ორ ნაწილად განაწილებული გუნდები ჯომარდობისთვის სამზადისს შეუდგნენ.

მომზადების შემდეგ კი ნანატრი წუთიც დადგა. ზოგი პირველად, ზოგი კი უკვე მერამდენედ ჩაჯდა ნავში და ჯომარდობის ადრენალინი სრულად შეიგრძნო. მათ შორის იყო კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

ავერსული ჯომარდობა იმ ტრადიციათაგანია, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მთელი კომპანია მოუთმენლად ელის. „ავერსმა“ წელს უკვე მერვედ მოუწყო თანამშრომლებს თავბრუდამხვევი გასეირნება არაგვზე. არაგვის ხეობაში წასული სამასამდე ავერსელიდან ნავებით ორასამდე კაცმა იასპარეზა.

წყალჯომარდობაში ჰოლდინგის ყველა კომპანია მონაწილეობდა:

  1. „ავერსი-ფარმა“ – სათავო ოფისი და სააფთიაქო ქსელი,
  2. ფარმაცევტული საწარმო „ავერსი-რაციონალი“,
  3. სადაზღვევო კომპანია „ალფა“,
  4. „ავერსის კლინიკა“,
  5. ქირურგიის ეროვნული ცენტრი,
  6. „ახალი სიცოცხლე“.

ჯომარდები სოფელ მაღაროსკარიდან ორ ნაკადად დაეშვნენ. იყო ჟრიამული, ადრენალინი, ნავებიდან ცვენა და ყურყუმელაობა… მოსაწყენად არავის ეცალა. თხუთმეტკილომეტრიანი გზის ბოლო მონაკვეთზე წამმზომი ირთვებოდა.

საბოლოოდ სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, თუმცა გამარჯვებულებს დიდხანს მოუწიათ ლოდინი, ვიდრე ასპარეზობის შედეგებს შეიტყობდნენ, რადგან ორი დაშვების შემდეგ მხიარული თამაშები გაიმართა.

თიმ ბილდინგში ერთმანეთს ათი ათკაციანი გუნდი შეეჯიბრა. მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ დაასახელეს ორივე ასპარეზობაში გამარჯვებულები. ისინი პაატა კურტანიძემ, კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა დააჯილდოვა. მხიარულ თამაშებში „ახალი სიცოცხლის“ გუნდმა გაიმარჯვა.

ჯომარდობაში პირველი ადგილი მოიპოვა „ავერსი-რაციონალის“ გუნდმა კახაბერ ქემოკლიძის მეთაურობით, მეორე – „ავერსი-ფარმას“ გუნდმა, რომელსაც ბაქარ მათიკაშვილი კაპიტნობდა, მესამე ადგილი კი ღირსეულად დაისაკუთრეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა და მისმა კაპიტანმა ვანო პაპუაშვილმა. გამარჯვებულებმა „ავერსის“ სასაჩუქრე ბარათები მიიღეს, პირველადგილოსანი კი სათავგადასავლო კლუბმა „ჯომარდმა“ სეზონის ნებისმიერ დღეს უფასო მომსახურებით დაასაჩუქრა. დღის დასასრულს ავერსელებმა ემოციები გაგვიზიარეს.

პაატა კურტანიძე, „ავერსის“ დამფუძნებელი: – “ჯომარდობა დიდი სიამოვნებაა: წყლის სტიქიასთან შეხება, ულამაზესი ბუნებით ტკბობა… ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ ასეთი სამშობლო გვაქვს და რომ თანამშრომლები ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. მჯერა, ასეთი დღეების შემდეგ თითოეული ავერსელი მეტი მონდომებით აკეთებს თავის საქმეს ქვეყნისა და თანამოქალაქეების სასიკეთოდ.”

დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორი: – “ჯომარდობა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ღონისძიებაა, რაც კი ჩვენს კომპანიაში იმართება. მთელი ჰოლდინგი ერთად იკრიბება, არის შეჯიბრება, აზარტი, დასვენება, მხიარულება ბუნების წიაღში საუკეთესო ხალხთან, საუკეთესო მეგობრებთან ერთად.”

მალხაზ კურტანიძე, „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი: – “მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ყველა შეხვედრა სხვადასხვანაირია. აქ სხვადასხვა გუნდის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მეგობრდებიან. სწორედ ასე ყალიბდება კორპორაციული კულტურა.”

ლაშა ბაზაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი: – დაძაბული სამუშაო დღეებისა და თვეების შემდეგ ასეთი აქტიური გართობა გასვენებს კიდეც და ენერგიითაც გავსებს. მადლობა „ავერსის“ ჯგუფს, რომელიც ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს. რაფტინგი წლიდან წლამდე უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება.

თეა გამეზარდაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: – “ქირურგიის ცენტრის თანამშრომლებისთვის ჯომარდობა ნამდვილი ზეიმია. ასეთი თამაშები მეტად კრავს გუნდს, მეტად აახლოებს ადამიანებს. ჩვენი კლინიკის წარმატების საწინდარი სწორედ გუნდური მუშაობაა.”

ირაკლი ფურცელაძე, „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორი: – “ძნელია, ამდენი ხალხი შეიკრიბოს და გარშემო მაინც ასეთი მეგობრული, ჰარმონიული ატმოსფერო სუფევდეს. ჩვენ ეს გამოგვივიდა. ავერსელები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა კომპანიასა და ფილიალში ვმუშაობთ. ასეთ ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს, ვეცნობით, ვუმეგობრდებით, რაც მუშაობაში ძალიან გვეხმარება.”

ლალი ბრეგვაძე, „ავერსი-ფარმას“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი: – “ჯომარდობის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამდენი არასდროს ვყოფილვართ. ყველა აზარტით არის ჩართული თამაშებში, ყველას უნდა პირველობა. ვინც არ თამაშობს, თავის გუნდს გულშემატკივრობს. დღევანდელი დღე შედგა, ყველა კმაყოფილია და მე ეს უზომოდ მიხარია. ვეცდებით, კიდევ ბევრი ლამაზი და მხიარული დღე მოვუწყოთ ავერსელებს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *