შემოგვიერთდით

1 იანვრიდან, საქართველოს ოთხ სამინისტროში საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების ახალი მოდელი ამოქმედდება

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ოთხ სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამოქმედდება საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების ახალი მოდელი, რომლის შემუშავება 2017 წელს განხორციელდა.

შეფასების ახალი სისტემის განხილვა შედგა 2017 წლის 22 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.

ირმა მიქაძემ, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა, აღნიშნა, რომ შეფასების ახალი სისტემა ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

„საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების ახალი მოდელი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითდა ხუთ საპილოტე უწყებაში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ახალი მოდელის შემოღების შედეგად, საჯარო მოხელის საქმიანობა შეფასდება კონკრეტული კრიტერიუმების, მაგალითად, წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიღწევის მიხედვით. ეს შესაძლებელს გახდის წახალისების ეფექტური მექანიზმის ამოქმედებას, მოხელეებისათვის კლასის მინიჭებას და პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას“, – განაცხადა მიქაძემ.

ხუთ საპილოტე უწყებაში – იუსტიციის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – საჯარო მოხელის  საქმიანობის შეფასების ახალი სისტემა მომავალი წლიდან დაინარგება.

ახალი სისტემის პილოტირებას წინ უძღოდა ადამიანური რესურსების არსებული პრაქტიკის კვლევა, რომელიც, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ხელშეწყობით, ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს.

 „ცვლილებები საჯარო სამსახურში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებაში, რომლის მიზანია საჯარო უწყებების კარგი მმართველობისა და საჯარო მოხელეთა მიმართ ხალხის ნდობის უზრუნველყოფა. გაეროს განვითარების პროგრამა და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ ამ ინიციატივას, ჩვენი  პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება“, – თქვა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

საჯარო მოხელეთა შეფასების ახალი სისტემის დანერგვა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომელიც ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის განვითარებას ისახავს მიზნად.

საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის მიხედვით, რეფორმა 2020 წლამდე განხორციელდება და ექვს საკვანძო სფეროს შეეხება: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სასმსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, მომსახურების  მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და თვითმმართველობა.

წყარო: www.ge.undp.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *