შემოგვიერთდით

10 ფრაზა როგორ (არ) უნდა ვითხოვოთ ხელფასის მომატება?

ხელფასის მომატების საკითხი ყოველთვის დელიკატური თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ექვივალენტი ბევრად მეტი თანხა იყოს ან უბრალოდ ბაზარზე თქვენი შრომა საშუალოდ უფრო ძვირად ფასობდეს, ანაზღაურების მომატების შესახებ განცხადების გაკეთება სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხია. ხშირ შემთხვევაში, მთავარ პრობლემას სამსახურის სრულად დაკარგვის საფრთხე წარმოადგენს. თუ ფიქრობ, რომ ზედმეტად ცოტას გიხდიან, კიდევ ერთხელ დაფიქრდი, შენს  ადგილზე იმავე ანაზღაურებით მუშაობის 100 მსურველი მაინც გამოჩნდება.

გარდა ამისა, ხშირია მენეჯმენტთან ურთიერთობების გაფუჭების საფრთხეც. ხელფასის მომატებაზე უარით გასტუმრების შემთხვევაში შესაძლოა, სამსახურიდან არ გაგვიშვან (ეს მეტისმეტად უკიდურესი გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს პირობებშიც კი), მაგრამ ურთიერთობები აუცილებლად დაიძაბება და ხელოვნური გახდება.

მიუხედავად აღნიშნული უსიამოვნებებისა, თანამედროვე ეკონომიკურ სიტუაციაში ხელფასი სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორია, რომელზე დალაპარაკება არავითარ შემთხვევაში ტაბუ არ უნდა იყოს. ზემოხსენებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად კი ვეცდებით გაჩვენოთ როგორ (არ) უნდა ითხოვოთ ხელფასის მომატება:

  • „თუ არ მომიმატებთ, წავალ!“

მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესი შემთხვევისთვის ახალი სამსახურის შოვნის გეგმა იდეურად მაინც უნდა გესახებოდეთ, ამგვარი ულტიმატუმების წაყენება მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ერთი მხრივ, დამსაქმებელი თავს მუქარის ქვეშ იგრძნობს, ხოლო მეორე მხრივ  კომპანიის მიმართ თქვენი ლოიალურობის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგება (ხელფასის მომატების შემთხვევაშიც კი).

  • „ან ახლა, ან არასოდეს!“

მონახეთ შესაფერისი დრო. თუ ხვდებით, რომ კომპანია ფინანსურ პრობლემებს განიცდის, თქვენი გულგრილობა მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ კომპანიის ინტერესებზე საერთოდ არ ფიქრობთ, ხოლო უშუალოდ თქვენი გაჭირვება მეორეხარისხოვანი გახდება.

  • „წელიწადში 200 000-ს ვიმსახურებ!“

ეცადეთ სწორი ინფორმაცია მოიძიოთ. თქვენი მსგავსი პროფესიონალების ანაზღაურება ყველაფერს არ ნიშნავს. გაითვალისწინეთ, რომ მოძიებული ინფორმაცია უნდა გაასაშუალოოთ და არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ მაქსიმალური შესაძლო ანაზღაურება, რაც კი შეგხვდათ. ასევე, გააჩნია კომპანიის ზომასა და თანამშრომლის გამოცდილებას. შესაძლოა ერთსა და იმავე საქმეში სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანს სხვადასხვა ხელფასი ჰქონდეს.

  • „კი არ ვითხოვ – მოვითხოვ!“

რამხელა მნიშვნელობის საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, ან როგორი აშკარაც არ უნდა იყოს, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნის სრული უფლება გაქვთ, თქვენი ტონი მაინც დიდ როლს თამაშობს. ეცადეთ, დაასაბუთოთ და კეთილგანწყობილი ტონით ახსნათ ის გარემოებები, რომლის გამოც ხელფასის მომატება რაციონალურ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ.

  • „ზუსტად xxx ლარი მინდა!“

ურთიერთშეთანხმების პროცესში სასურველ თანხას მაშინვე ნუ გაამხელთ, სავსებით სავარაუდოა, რომ თქვენი უფროსი ბევრად მეტზე იყოს თანახმა! როგორც ზოგადად ხელფასის მომატებისასაა საჭირო გარემოებების დეტალური ახსნა და დასაბუთება, ასევე ერთობლივად უნდა შეთანხმდეთ ობიექტურ თანხაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი წინასწარგანზრახული პოზიცია მაშინვე უნდა დათმოთ.

  • „მე ამას ნამდვილად ვიმსახურებ“

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო შესაძლოა, ინტელექტუალურად ან ფიზიკურად მომთხოვნი  და საკმაოდ დეფიციტურიც კი იყოს, მხოლოდ ეს ფაქტორები საკმარისი არ არის. ეცადეთ უფროსს დაანახოთ თქვენი სამუშაოს ის მხარე, რომელიც კომპანიისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს და რომლის დაკარგვაც მენეჯმენტისთვის დიდ პრობლემებს შექმნის.

  • „გარდა ხელფასისა, მინდოდა მეთხოვა …“

როდესაც ანაზღაურების მომატების საკითხს განიხილავთ, დამატებითი დელიკატურობის შეტანა საჭირო არ არის. ეცადეთ სხვა საკითხებზე აღარ დაწვრილმანდეთ, განსაკუთრებით კი ეს თხოვნებს ეხება. ამგვარი დამოკიდებულება თქვენს გამორჩენაზე ყოფნას გაუსვამს ხაზს.

  • „მაგრამ მას ხომ ჩემზე მეტს უხდით?“

პირველ რიგში, სხვების ანაზღაურება და მითუმეტეს ამ ანაზღაურების დამსახურებულობა თქვენი პრობლემა არ არის. მეორეც, შედარებებით ვერავის დაარწმუნებთ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ფასეულობაზე ისაუბროთ.

  • „ჩემი რეკრუტმენტის აგენტი უკეტეს სამსახურს დამპირდა!“

გაითვალისწინეთ, რომ სხვა კომპანიები თუ დასაქმების აგენტები, რომლებიც თქვენს გადმობირებას ცდილობენ, თავიანთ ბიზნესებს ყოველთვის უფრო ნათელ ფერებში აღგიწერენ, ვიდრე თქვენს მიმდინარე სამსხურს, ამიტომ მათზე დაყრდნობა და მითუმეტეს მოლაპარაკებების პროცესში ხსენება, არაფრისმომცემი იქნება.

  • „მაგრამ უკვე სესხი ავიღე“

თქვენი პირადი პრობლემები ან მოლაპარაკებებამდელი გადაწყვეტილებები (რაოდენ დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ, რომ მოგიმატებენ) სრულიად უმნიშვნელო საკითხია. ეცადეთ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მაგრამ თუ მაინც წინასწარ გადაწყვეტთ პარიზში 1 თვით დასვენებას, ხელფასის მოლაპარაკების პროცესში ამას ნუ ახსენებთ.

რატი წიკლაური

წყარო: hrnews.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *