შემოგვიერთდით

პროფესიული განათლების ახალი პროგრამა იწყება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული  ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ  სტუდენტებს მიიღებს. სტუდენტები ცენტრში  დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.

თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში გაივლიან.  სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მოთხოვნებზეც. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკის და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვა.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ხოლო თანამედროვე გერმანული ლაბორატორიებით აღჭურვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის დაფინანსებით, BP საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალი პროფესიული პროგრამების პრეზენტაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აქტუალობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივებზე.

“სწორედ ამგვარი პროცესები უწყობს ხელს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეს ძალიან საინტერესო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კერძო სექტორისათვის, დამსაქმებლებისათვის,  რომლებსაც სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 150-მდე პროგრამაზე და მათ შორის იმ პროგრამებზე, რომელებიც ამ თანამშრომლობის ფარგლბშია შემუშავებული. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით და მინდა ყველას მოვუწოდო გამოცხადნენ საგანმანათლებლო რესუსრს ცენტრებში და გაიარონ რეგისტრაცია, რადგან დაეუფლონ სასურველ პროფესიას და აკეთონ მათთვის სასურველი საქმეც.” – ქეთევან ნატრიაშვილი

“ეს პროგრამები დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მიერ ჯამში 12 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტით. დღეს ვაცხადებთ 5 პრგრამას. BP  და საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტი გაერთიანდა, რადგან შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი 4 პროგრამა გამოეცხადებინა. სწავლება ხდება როგორც ქართველი ასვე უცხოელი სპეციალისტების მიერ და სრულად მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ლაბორატორიების აღჭურვა, სადაც მოხდება სწავლა სწავლების პროცესი.” – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი “საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაგდა მაღრაძე.

აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს.

წყარო: www.mes.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *