შემოგვიერთდით

13 სექტემბერს სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

2017 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო ,,იოტაში’’ ევროკავშირის პროექტის EEAL – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

 ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგება როგორც პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე, “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” წარმომადგენელი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრის სტატუსით ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლები, ევროკავშირის დელეგატები საქართველოში, დამსაქმებლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრებიან.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურის საუკეთესო რადიო ნამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი და 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები გამოვლინდებიან, აგრეთვე შედგება პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

ოთხ სამიზნე რეგიონში მოქმედი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები საბოლოო შედეგებს წარადგენენ და ორი წლის განმავლობაში მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, დაძლეულ და დასაძლევ ბარიერებზე იმსჯელებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე სიტყვით წარსდგება აუდიტორიის წინაშე და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული უნიკალური დასაქმების მოდელის მდგრადობაზე ისაუბრებს, რომელსაც პროექტის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ოფიციალურად გადაიბარებს.

ღონისძება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი „ოტავა 98“ პარტნიორობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *